კომუნიკაციების ეროვნული კომისია „საგას“ ვიდეორგოლის გავრცელების აღკვეთისკენ მოუწოდებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეხმიანება მაღაზიათა ქსელ „საგას“ მიერ „სექსუალური აღზრდის“ სახელწოდებით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ რეკლამას.
როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვიდეორგოლში ასახული სიუჟეტი ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და მას არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება.
კომისია მოუწოდებს მაღაზიათა ქსელ „საგას“, უზრუნველყოს ვიდეორგოლის გავრცელების აღკვეთა.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სამაუწყებლო რეკლამის სფეროში. მიუხედავად ამისა, კომისია ეხმიანება მაღაზიათა ქსელ „საგას“ მიერ „სექსუალური აღზრდის“ სახელწოდებით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ რეკლამას. ვიდეორგოლი, შინაარსის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებულ უხამსობის და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ არაეთიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს.
ვიდეორგოლში ასახული სიუჟეტი წინააღმდეგობაშია საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან და მას არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. სარეკლამო რგოლი არასრულწლოვანისთვის შეუსაბამო შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოუწოდებს მაღაზიათა ქსელ „საგას“, ფრთხილად მოეკიდოს მსგავსი შინაარსის მატარებელი ვიდეორგოლების (რეკლამის) გავრცელების საკითხს, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის თვალსაზრისით და, ამავე დროს, მოუწოდებს კომპანიას უზრუნველყოს სოციალურ ქსელებში განთავსებული ვიდეორგოლის გავრცელების შეზღუდვა“,-აღნიშნულია განცხადებაში.