რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს
რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის შესაძლოა, ფულადი ჯარიმები დაწესდეს. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა. საქმე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს ეხება, რომლის ინიციატორი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანია. პროექტის ავტორი კი “დემოგრაფიული განვითარების ფონდის” დირექტორი ზვიად ტომარაძეა.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების მიზეზი ბოლო პერიოდში გახშირებული მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და სასულიერო პირების შეურაცხყოფაა. ცვლილებების მიხედვით, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს” ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. ამავე კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.