გია კრიალაშვილის და შოთაძეს მიმართავს – ისე ნუ გაუშვებთ დედაჩემს იმ ქვეყნად, რომ შვილის მკვლელი დასჯილი არ ნახოს!“
„უკვე აუტანელია, ყოველდღე ისევ იმ კაცის მუქარას უსმენდე, რომელმაც ამდენი ახალგაზრდა მოსაკლავად გაიმეტა – გივი თარგამაძეს ვგულისხმობ“, – აცხადებს 2009 წელს სპეცოოპერაციის დროს დაღუპული გია კრიალაშვილის და – ლია კრიალაშვილი.
როგორც ლია კრიალაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, მისი ძმის მკვლელობაში მთავარი დამნაშავე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. კრიალაშვილი, მიხეილ სააკაშვილის გარდა, ყოფილი ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების დასჯასაც ითხოვს, რომლებმაც სპეცოპერაცია დაგეგმეს.
როგორც გარდაცვლილის და ამბობს, მას სამართლიანობის აღდგენის იმედი აქვს, რასაც ხელისუფლება ირაკლი შოთაძის დანიშვნის შემდეგ განახორციელებს. კრილაშვილი მთავარ პროკურორს მიმართავს, რომ მისი ძმის მკვლელობაში მონაწილე პირები დაისაჯონ.
„როდესაც იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს, მაშინ ბატონი შოთაძე პირადად ჩამოვიდა შემთხვევის ადგილზე. შვილის საფლავზე დაგდებული მამის ცხედარი რომ ნახა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, იტირა. ეს, ალბათ, მთელ საქართველოს ახსოვს. აი, ამიტომ მაქვს მისი ადამიანობის იმედი.
ჩემი ძმა ფარული ჩანაწერების გამო ჩაცხრილეს, ყოველგვარი გამოძიების გარეშე. ბოლო კვირების განმავლობაში რამდენი ასეთი ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილი და მისი კრიმინალები რაღაც უბედურებას გეგმავენ. არც უარყოფენ, რომ ნამდვილად მათი საუბრებია და ამაზე რეაგირებას რატომ არავინ ახდენს? ნუ ჩაცხრილავენ, მაგრამ დააკავონ მაინც!
როცა დაისჯება ყველა, მიხეილ სააკაშვილით დაწყებული – ბოლო სპეცრაზმელამდე, ვინც მანქანაში იჯდა. მთავარი დამნაშავე აქ არის სააკაშვილი, რომელიც ასეთ ბრძანებებს გასცემდა. ყველა სიბინძურე ადეიშვილის ტვინში იხარშებოდა. კოდუას სპეცოპერაციის მეორე დღეს ხუთი ათასი ლარი აქვს პრემია აღებული. ხარაზიშვილი იმის ნაცვლად, რომ დაესაჯათ, დღეს დაწინაურებულია სუს-ის სპეცრაზმის უფროსად. ნიკა შარაძეც სუს-ის ერთერთი დეპარტამენტის მოადგილედ დაინიშნა.
როდემდე შეიძლება ჩემი ძმის და ამდენი ახალგაზრდის მკვლელების ცინიზმს ვუყუროთ? უკვე აუტანელია, ყოველდღე ისევ იმ კაცის მუქარას უსმენდე, რომელმაც ამდენ ახალგაზრდა მოსაკლავად გაიმეტა – გივი თარგამაძეს ვგულისხმობ. კაცი რომ ვიყო და ჩემს უკან ოჯახი არ იდგეს, თავს ავიფეთქებდი და მაგათაც თან გავიყოლებდი!
დარწმუნებული ვარ, „ასავალ-დასავალს“ კითხულობს და მინდა, მივმართო – ბატონო ირაკლი, ცოდოა დედაჩემი, ისე ნუ გაუშვებთ იმქვეყნად, რომ თავისი შვილის მკვლელი დასჯილი არ ნახოს! თქვენ გაქვთ შანსი, ხალხსა და პროკურატურას შორის ჩატეხილი ხიდი აღადგინოთ! ღმერთმა ნუ ქნას, ეს უდიდესი იმედი არ გაგვიმართლოთ!“ – აცხადებს ლია კრიალაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 5 მაისის ე.წ. მუხროვანის ამბოხის შემდეგ, ყოფილი ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო გადატრიალებისგან იხსნეს ქვეყანა, ხოლო ოპოზიცია მომხდარს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოწყობილ შოუს უწოდებდა. ფაქტი ერთია, ე. წ. მუხროვანის ამბოხისთვის არაერთი ადამიანი დღემდე იხდის სასჯელს. 5 მაისს გია ღვალაძის ფარული ჩანაწერი გავრცელდა, იგი ჩანაწერში ხელისუფლების იარაღით დამხობასა და რუსეთთან კავშირზე საუბრობდა. ღვალაძე კონკრეტულ გვარებს ასახელებდა. ამ მასალას მუხროვანში ჯარისკაცთა ამბოხის კადრები მოჰყვა, რომელიც ძალოვანებმა ჩაახშვეს. იმავე დღეს კობა ოთანაძეზე, გია კრიალაშვილსა და ლევან ამირიძეზე ძებნა გამოცხადდა. მეორე დღესვე საქართველოს ქალაქები და ქუჩები აჭრელებული იყო ძებნილთა ფოტოებით, დაწესდა პრემიებიც…
16-დღღიანი ძებნა სისხლისღვრით დასრულდა. გია კრიალაშვილი მოკლეს, ხოლო ოთანაძე და ამირიძე უმძიმეს მდგომარეობაში ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.