ვის აფეთქებას გეგმავდნენ ბუკიას ბაღთან

რამდენიმე დღის წინ, 18:00 საათზე, 112-ში ბახტრიონის ქუჩაძე, ბუკიას ბაღთან ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ავტომობილის წინა საბურავთან მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დახვდათ.
გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ გააარკვია, ვის ავტომობილზე იყო მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. როგორც გამოცემა წერს, დაზარალებული 1958 წელს დაბადებული მამუკა არჩვაძეა. მისი მეგობარი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მამუკას მტერი არ ჰყოლია და გაუგებარია, ვინ დაამონტაჟა მის ავტომობილზე ასაფეთქებელი.
„არავინ არ მტრობდა, აუხსნელია ეს ყველაფერი. თვითონაც არაფერი იცის. გამომძიებელმაც დაჰკითხა და ვერაფრით ხსნის, ვის რაში დასჭირდა ეს ყველაფერი. ძალიან მორწმუნე ოჯახია, 7 შვილი ჰყავთ“, – ყვება არჩვაძეების ოჯახის მეგობარი.
მისივე თქმით, ამჟამად მამუკა არჩვაძე რაიმე მნიშვნელოვან საქმიანობას არ ეწევა, რომ მომხდარი მის სამსახურს დავუკავშიროთ, თუმცა კორპორაციების საძიებო სისტემაში, 2013 წლის აგვისტოს მდგომარეობით, მამუკა არჩვაძე შპს NBG-ს დირექტორად ფიქსირდება.
როგორც სტატიის ავტორი წერს, აღნიშნული კომპანია გასულ წელს სერიოზულ კორუფციულ სკანდალში გაეხვია. საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს შპს NBG-ის ხელმძღვანელი პირები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, არჩვაძე ამჯამადაც ხსენებულ კომპანიაში განაგრძობს მუშაობას. მისი სახელი დევნილთა სამინისტროში მომხდარ კორუფციულ სკანდალში კი არ ფიგურირებს, თუმცა უცნობია, დაჰკითხა თუ არა ის გამოძიებამ, თუნდაც მოწმის სტატუსით.
ჩვენი ინფორმაციით, სასამართლოში ამ საქმის არსებითი განხილვა ამჟამადაც მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები