გურამ გირგვლიანი: სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა თაკო სალაყაია დაისჯება
სანდრო გირგვლიანის მამა მთავარ პროკურორს მიმართავს. გურამ გირგვლიანი აცხადებს, რომ სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა თაკო სალაყაია დაისჯება.
როგორც გურამ გირგვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, მისი შვილის მკვლელობის საქმე წინასწარ გამოძიების დროს რამდენიმე ეპიზოდად დაიყო. ამასთანავე, გურამ გირგვლიანი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დანიშვნასაც ეხმაურება.
„ირაკლი შოთაძის სახით პროკურატურას უაღრესად ადამიანური ღირებულებების მქონე ხელმძღვანელი ჰყავს, ცხადია, ისევ გაჩნდა იმედი იმისა, რომ ჩვენი შვილების მკვლელებს და ამ მკვლელების დამკვეთებს საკადრისი მიეზღვებათ. როგორც იქნა, სამართლიანობა იზეიმებს. სანდროს მკვლელობის საქმე რამდენიმე ნაწილად დაიყო, მაგრამ ყველა ნაწილში მთავარი დამნაშავე ერთია – თაკო სალაყაია. მელნიკოვმა თავის ჩვენებაში პირდაპირ დაადო ხელი მას და ახალაიას. ცხადია, სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, როცა დამნაშავეები შეიფარა. შემდეგ კი შეწყალებით ციხიდან გამოუშვა. სწორედ დამნაშავის შეფარება ჰქვია იმას, რა პირობებშიც სანდროს მკვლელობაში ბრალდებულები ჰყავდათ ციხეში. დამნაშავეა ადეიშვილიც, რომელმაც დაგეგმა, დანაშაული თავის თავზე ვის უნდა აეღო და ციხეში ვინ ჩამჯდარიყო. დამნაშავეა მერაბიშვილი, დათა ახალაია და იმ სუფრის ყველა წევრი. ისინი – ყველანი უნდა დაისაჯონ, მაგრამ მინდა ბატონ ირაკლი შოთაძეს მივმართო – ჩემთვის სამართლიანობა მაშინ აღდგება, როდესაც თაკო სალაყაია დაისჯება!“ – აცხადებს სანდრო გირგვლიანის მამა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.