ექვსი ქართველი მხატვარი ლონდონის „სოტბის“ სააუქციონო სახლში
ლონდონის „სოტბის“ სააუქციონო სახლში 27 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით ჩატარდება გამოფენა-გაყიდვა: „გზაჯვარედინზე: თანამედროვე არტი სტამბოლიდან ქაბულამდე“, ექსპოზიციაში ამიერკავკასიის, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ცხრა ქვეყნის სამოცამდე არტისტის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. პირველად მსგავსი გამოფენა „სოტბიზე“ შარშან გაიმართა. იგი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ხელოვნებას, რომელთა შორისაც რამდენიმე ქართველი არტისტი იყო წარმოდგენილი, საყოველთაო ყურადღება და აღიარება დაიმსახურა. ლონდონის სოტბის სააუქციონო სახლში წლევანდელ ექსპოზიციაში ექვსი ქართველი ავტორია ჩართული: ირაკლი ფარჯიანი, ავთო ვარაზი, მერაბ აბრამიშვილი, მამია მალაზონია, ვახო ბუღაძე და თამარ კვესიტაძე. დანარჩენ რვა ქვეყანას თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ირანი და ავღანეთი წარმოადგენს. სოტბის ყურადღება შემთხვევით არ არის აღნიშნული რეგიონის მიმართ. მალე ამ ცხრა ქვეყანაში მოღვაწე ბრწყინვალე მხატვრების ხელოვნება ჯეროვნად ცნობილიც გახდება და ფასიც შესაფერი დაედება და მათზე მოთხოვნა მსოფლიო საგალერიო და სააუქციონო სივრცეში გაიზრდება.