პარლამენტმა მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის თაობაზე ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის თაობაზე ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირა.
მიუხედავად მხარდაჭერისა, პროექტის მიმართ შენიშვნები თავად კომიტეტსაც აქვს, რომელიც ცრუ ჩვენების მიცემის ნაწილს ეხება. ამ მიმართულებით საკომიტეტო სხდომაზე ინიცირებულ პროექტში ცვლილებების ასახვის საკითხი დადგა.
ეკა ბესელია განმარტავს, ბალანსი ორ რამეს შორის არის დასაცავი – მოწმის დაკითხვის დროს უფლებების დაცვის საკითხსა და უსაფრთხოებას შორის.
“რა თქმა უნდა, პრიორიტეტს ვანიჭებთ იმას, რომ მხარეებს ჰქონდეთ თანაბარი უფლებები. პრინციპულია, რომ მხარეთა შეჯიბრობითობა რეალურად იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ ყველა იურისტმა იცის, რომ არ არსებობს უნივერსალური ბალანსი ყველა ეტაპზე. ეს პრინციპი მაღალი იმ ეტაპზეა, როცა სასამართლო იწყებს განსჯას, განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას. იმას, რასაც გამოძიების ეტაპზე პროკურატურა, გამოძიების ორგანო აკეთებს, 15 წელი ადვოკატი ვიყავი და ვერასდროს გავაკეთებდი. ეს შეუძლებელია, რადგან საგამოძიებო მოქმედებების პროცესი ძალიან სპეციფიკურია. ფიზიკურად შეუძლებელია, დაცვას და ბრალდებას ერთნაირი შესაძლებლობები მიეცეს”, – განაცხადა ბესელიამ.
მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით შემუშავებული ვარიანტით, პირს არ ექნება ვალდებულება, გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოებში და გამომძიებელს ჩვენება მისცეს. ამის სანაცვლოდ, ე.წ. გამოკითხვის ინსტიტუტი ამოქმედდება – როდესაც პირი, საკუთარი სურვლის შემთხვევაში, უფლებამოსილია, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელს ინფორმაცია მისცეს, მაგრამ ინფორმაციის მიცემის ვალდებულება არ ექნება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუკი გამომძიებელს, პროკურორს აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა მომხდარი დანაშაულის შესახებ იცის, მაგრამ გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და გამოკითხვაზე უარს ამბობს, პროკურორის, გამომძიებლის შეამდგომლობით, ასეთი პირი შეიძლება მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხოს.
მოწმის დაკითხვის ახალი წესი 2015 წლის 31 დეკემბრიდან შედის ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები