მოკლული ლაშა მახარაძის დედას, ნინო დიდებულიძეს 7 დეკემბერს დაჰკითხავენ
საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების პირობებში მიმდინარე ლაშა მახარაძის მკვლელობის პროცესზე მოკლულის დედა, ნინო დიდებულიძე დღეს უნდა დაეკითხათ, თუმცა მხარეთა შესავალი სიტყვები გაგრძელდა და მისი დაკითხვა ვერ მოესწრო, რის გამოც მახარაძის დედას 7 დეკემბერს დაჰკითხავენ.
როგორც ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის წინააღმდეგ საქმის განხილვის დასრულების შემდეგ მოკლულის დედამ განაცხადა, დღეს მან დარბაზს მიღმა მოისმინა გიორგი ოქროპირიძის გამოსვლა.
“ბრალდებულმა ილაპარაკა იმაზე, თუ რა კარგი ბიჭია. მან ტყუილებით გაავსო დარბაზი, საიდანაც სიცილის ხმა გამოდიოდა. ის ამბობს, რომ არ მოუკლავს ჩემი შვილი და აბრალებენ და ჩვენ მომზადებულები ვართ, რათა გავუშვათ ციხეში. გიორგი ოქროპირიძე მკვლელია, მან უკვე მეორე ადამიანი მოკლა და იგი ციხეში უნდა წავიდეს”, – განაცხადა ნინო დიდებულიძემ. რაც შეეხება დაცვის მხარეს, გიორგი ოქროპირიძის ადვოკატის მტკიცებით, დაცვას გააჩნია მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც უნდა დადგეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი ვერდიქტი. “დღეს წარმოვთქვით შესავალი სიტყვები. მე ვამბობ, რომ დადგება გამამართლებელი ვერდიქტი ჩვენი მტკიცებულებების საფუძველზე”, – განაცხადა დათუნა მოდებაძემ. ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის წინააღმდეგ საქმის განხილვა 7 დეკემბერს, 12.00 საათზე განახლდება.