გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ომბუდსმენი არ დაიკითხება
მოსამართლე ეკა არეშიძემ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის შუამდგომლობა, სახალხო დამცველის სასამართლოში დაკითხვის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე, ასევე, ითხოვდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის – მედეა ვასაძის დაკითხვას, რაც არ დაკმაყოფილდა. მოსამართლე ეკა არეშიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობაც, რომელიც საქმეზე დამატებით მტკიცებულებების დართვას ეხებოდა.
ოქროპირიძის ადვოკატები, ნანუაშვილისა და ვასაძის გარდა, სასამართლოს სხდომაზე სახალხო დამცველის წარმომადგენლების, ასევე პატიმრების დაკითხვას ითხოვდნენ, რომლებიც, მათი თქმით, დაადასტურებდნენ ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ოქროპირიძის მიმართ წამების ფაქტს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დაცვის მხარემ დამატებითი მტკიცებულების დართვის მოთხოვნით წარადგინა, შეეხება სხვა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც სხვა მოსამართლის პირობებში არსებითად განიხილება.
ეკა არეშიძემ განმარტა, რომ ცრუ დასმენის ფაქტზე, რომელიც ცალკე წარმოებად განიხილება, ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება.
“სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რომ ეს დოკუმენტები განხილული იყოს ამ სისხლის სამართლის საქმეზე. სასამართლოსთვის და ნაფიცი მსაჯულებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნებოდა ის, რაც ასახავს შედეგს”, – აღნიშნა ეკა არეშიძემ.
გამოცხადებული შესვენების შემდეგ მხარეთა წარმომადგენლები შესავალ სიტყვებს დაიწყებენ. ჯერ უცნობია, მოესწრება თუ არა მოკლული ლაშა მახარაძის დედის, ნინო დიდებულიძის დაკითხვა დღევანდელ პროცესზე.