არჩილ თალაკვაძე: მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა კრიტიკულად იზრდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა საფუძველზეც, 2016 წლის მარტიდან საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც თალაკვაძემ “ კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, საქართველო მოწყობილია მარცხენასაჭიან ავტომობილებზე და ინფრასტრუქტურაც ამ მიმართულებით ვითარდება, ქვეყანაში კი მარჯვენასაჭიან ავტომობილთა რაოდენობა იზრდება. შს მინისტრის მოადგილე საერთაშორისო სტანდარტებზეც ამახვილებს ყურადღებას.
“მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ, გრძელვადიან პერიოდში პრობლემას ქვეყნისთვის და ვხსნით სადისკუსიო სივრცეს. ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომ მოხდეს ამ სფეროს რეგულირება, ვინაიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა კრიტიკულად იზრდება. ჩვენ გვაქვს ჟენევის კონვენციით ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ვალდებულება, რომ უნიფიკაცია იყოს დაცული საგზაო მოძრაობისას. ქვეყანა და მისი ინფრასტრუქტურა დაგეგმილია მარცხენასაჭიან მანქანებზე მოძრაობისთვის, და ამ დროს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა იზრდება”,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა დაიწყო. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამა რეალობის საჭიროებებზეა მორგებული და მისი მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება, მან უნდა დაიცვას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და მაქსიმალურად აგვარიდოს ავტოსაგზაო შემთხვევები. პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ (არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა) ადმინისტრირების გაუმჯობესება; სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესება; ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისება; სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენება, ე.წ. უკონტაქტო პატრულირება; გზებზე და ქალაქებში არსებული „შავი წერტილების“ განეიტრალება; 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრება; მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანა და მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა. წარმოდგენილი კანონპროექტი გათვლილია მოკლე ვადაში შედეგების მიღებაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში კი იგი მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას და ამ სფეროს შემდგომი განვითარების ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები