გამოდის ირაკლი ჩარკვიანის ”The best of KING” CD ალბომი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ”ბრავო რექორდსი” ირაკლი ჩარკვიანის უნიკალურ პროექტს ახორციელებს, რომელიც გულისხმობს, ექსკლუზიურ მასალებზე აწყობილი ბროშურის თანხლებით, ახალი CD ალბომის გამოშვებას. CD ალბომი სახელწოდებით: ”The best of KING” ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერების კრებული იქნება. ალბომში შევა ირაკლი ჩარკვიანის 12 ყველა დროის საუკეთესო ჰიტი. გარდა საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებებისა, ალბომს თანდართული ექნება მინი -კატალოგი, რომელიც აწყობილი იქნება ირაკლის მოღვაწეობის განმავლობაში გადაღებული ექსკლუზიური ფოტოებით, ჩანაწერებით და ირაკლის საუკეთესო ლექსებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუსიკალური ნაწარმოებების დასუფთავება. პარალელურად მიმდინარეობს ალბომის დიზაინის კონცეფციის ჩამოყალიბება. სავარაუდოდ, ალბომზე მუშაობა ერთ თვეში დასრულდება და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება ’ბრავო რექორდსის” სადისტრიბუციო ქსელში შეიძინოს ირაკლის საუკეთესო სიმღერების კრებული. 21 მარტს, 14 საათზე კომპანია „ბრავო რექორდსში“ ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერებისაგან შემდგარი CD ალბომის გამოცემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას წარუძღვებიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე: ბადრი გრუზინსკი, ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორი: მარინა ბერიძე და ”ბრავო რექორდსის” დამფუძნებელი: ზაზა შენგელია. პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. პროექტის სპონსორები „პე-ეს-პე“ და „კავკასუს ონლაინი“ არიან.