ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე თანამშრომლებს წარუდგინა
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე თანამშრომლებს წარუდგინა. როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, მამუკა ვასაძის მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ შერჩევის მთავარი მიზეზი და საფუძველი მისი პროფესიონალიზმი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა იყო.
“მამუკა ვასაძეზე არჩევანი შეჩერდა მისი მაღალი პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობის გრძნობისა და საქმისადმი დამოკიდებულების ნიშნით.
რაც შეეხება მის მიმართ კითხვის ნიშნებს, ამ მიმართულებით არაერთხელ გავეცი პასუხი, რომ პროკურატურაში არსებობს ეფექტური დანაყოფები, როგორიც არის გენინსპექცია და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამ დანაყოფებს მიმართოს, რაზეც მოხდება ადეკვატური და ობიექტური რეაგირება. თუმცა ამ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით არ ვფლობ ინფორმაციას”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი შოთაძემ.