“კორტების სპეცოპერაციის” საქმის მსჯავრდებულების ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს

საქალაქო სასამართლოს განაჩენის “კორტების სპეცოპერაციის” საქმის ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო პალატაში გაასაჩივრეს.
ადვოკატების ცნობით, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე უკანონო და დაუსაბუთებელია.
30 ოქტომბერს, საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძის, კახაბერ ნაკანისა და ლევან ბეროძეს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ამ განაჩენის თანახმად, ირაკლი ფირცხალავას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
“სასამართლომ რამდენიმე ძირითადი მიმართულება და შეიძლება ითქვას განაჩენის დებულებანი გამოყო, რომლებიც, დაცვის მხარის აზრით, დაუსაბუთებელია, ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდებს და მათზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები უკანონოა. ამდენად, თუ ყველა გამოკვლეულ მტკიცებულებას ერთობლიობაში შევაფასებთ, სასამართლოს ნამდვილად არ ჰქონდა ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, მით უმეტეს, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მტკიცებულებათა საკმარისობის, უტყუარობის და სანდოობის არარსებობა ბრალდების ისეთ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, როგორსაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა (საკონტროლო გასროლებით) და განზრახ მკვლელობის ორგანიზება ჰქვია, სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასება, ვფიქრობ, არასწორია და ეწინააღმდეგება მისსავე დასკვნებს განზრახ მკვლელობის ბრალდების ნაწილებში”, – აცხადებენ მსჯავრდებულების ადვოკატები.
დაცვის მხარის მოთხოვნაა, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძის, კახაბერ ნაკანისა და ლევან ბეროძის ბრალდების ნაწილში და მათ მიმართ სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები