თამაზ მეჭიაური მაჟორიტარული სისტემის ახალ ვერსიაზე: გვინდა თუ არ გვინდა, უნდა დავემორჩილოთ
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები იცვლება, დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა არასამართლიანად შეაფასა. მეჭიაურის განცხადებით, არ ჰგონია, რომ აღნიშნული ცვლილებები რაიმე სასიკეთო შედეგს გამოიღებს.
„გვინდა თუ არ გვინდა, უნდა დავემორჩილოთ. ჩემი აზრით, უსამართლოა, იმიტომ, რომ ორი ან სამი დეპუტატი კომპაქტურად დასახლებულ რომელიმე ქალაქში ან თბილისის რომელიმე რაიონში, არა მგონია, უფრო მეტ საქმეს გააკეთებდეს, ვიდრე მოტივირებული თუნდაც ერთი დეპუტატი. ზოგ შემთხვევაში, პირიქით, ხელს უშლიან ხოლმე გავლენის სფეროების განაწილებისთვის ბრძოლაში დეპუტატები, თვითონ თანაპარტიელებიც კი. ასე, რომ მე არა მგონია, ამან რამე სასიკეთო შედეგი გამოიღოს“,-განაცხადა მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ პროექტის მიხედვით, თბილისში, 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. საქართველოს დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან პირიქით – გაყოფის ან მუნიციპალიტეტთან სხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიერთების გზით 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება, ხოლო 13 მუნიციპალიტეტის (საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სენაკის, ქალაქ ზუგდიდის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტები) საზღვრები თანხვედრაში იქნება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან.