ნაფიცი მსაჯულები ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმის განხილვას 3 დეკემბრიდან დაიწყებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევა დასრულდა.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედება ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. მასვე ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.
სასამართლოს განჩინებით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დახურულ სასამართლო სხდომებზე მიმდინარეობდა. პროცესის მონაწილეებთან ერთად, შერჩევის სხდომებს დაზარალებულის უფლებამონაცვლეც ესწრებოდა. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან შეირჩა 12 ნაფიცი მსაჯული და 3 სათადარიგო მსაჯული.
მოსამართლის განჩინებით, ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა სასამართლო განხილვების დასრულებამდე შეზღუდულია. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ნაფიც მსაჯულებზე საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მიიღო.
სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ დაუშვან, თუ, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, როდესაც საქვეყნოობა ზიანს აყენებს მართლმსაჯულების ინტერესებს. მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვისა, საქმის არსებითი განხილვა გაიმართება ღია სასამართლო სხდომებზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა შესაძლებლობა, თვალ-ყური ადევნოს პროცესის მიმდინარეობას. სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვა, 2015 წლის 3 დეკემბერს, 11:00 საათზე, დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები