გიორგი ალიბეგაშვილი პროგრამის: „შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარება“ პრეზენტაციას დაესწრო

სასტუმრო “რედისონში” მუნიციპალური პროგრამის: „შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარება“ პრეზენტაციას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაესწრო.
აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც თბილისის საკრებულომ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაამტკიცა, მოწვეულ სტუმრებს ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცეტრის“ ხელმძღვანელმა წარუდგინა.
ალექსანდრე მარგიშვილმა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მიზანს თბილისში რეგისტრირებული და მოქმედი ტურისტული კომპანიების, ასევე დარგში შემავალი სხვა სუბიექტების გაძლიერება წარმოადგენს.
მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა ტურიზმის დარგის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც დედაქალაქის მარკეტინგის ორგანიზაციის შექმნას, სარეკლამო-გაცნობითი ტურების ორგანიზებას, დარგის სპეციალისტთა გადამზადებას, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და რეგულარული საერთაშორისო ტურისტული ღონისძიებების დამკვიდრებას გულისხმობს.
პრეზენტაციაზე სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარე გამოვიდა. როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, წარმოდგენილი პროგრამა უცხოეთის ბაზრისთვის თბილისს უფრო მიმზიდველს გახდის და, ამასთან, საქართველოს დედაქალაქის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
პრეზენტაციის დასასრულს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც დარგის სპეციალისტებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მოისმინეს.
აღნიშნულ პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები: ლევან დარახველიძე, ზაქარია კოლელიშვილი და ილია ჯიშკარიანი, ასევე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩიგოვაძე, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები