პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის 21-ე კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა
გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის რიგით 21-ე კონფერენცია პარიზში, ოფიციალურად გაიხსნა,- ამის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სი” ავრცელებს.
კონფერენციას 150-მდე ქვეყნის ლიდერი, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებიან.
ღონისძიების მთავარი მიზანი – კლიმატის დაცვის შესახებ ახალი შეთანხმების მიღებაა, რომელიც 2020 წელს კიოტის პროტოკოლს ჩაანაცვლებს. ახალი შეთანხმების თანხმად, მსოფლიოს ყველა სახელმწიფო ვალდებული გახდება, გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში ჩაერთოს.
კლიმატური ცვლილებების შედეგად დაზარალებული, განვითარებადი ქვეყნებისთვის კი, ფინანსური დახმარებაა გათვალისწინებული.
კონფერენცია უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე იმართება. სამიტის მონაწილეთა უსაფრთხოებას 3 000-მდე პოლიციელი უზრუნველყოფს.
გაეროს კონფერენცია პარიზის სიახლოვეს მდებარე ლე -ბურჟეში მიმდინარეობს. საფრანგეთში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამო, აკრძალულია კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა სახის საჯარო შეკრებების გამართვა. როგორც “ბი-ბი-სი” წერს, საერთაშორისო დონის ღონისძიებას 40 000-მდე ადამიანი ესწრება, კონფერენციას 3 000-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს.