Der Spiegel – რუსეთმა სირიაში ორი სამხედროს დაღუპვის ფაქტი დამალა
ორი რუსი სამხედრო სირიაში დაიღუპა და ისინი 12 ნოემბერს როსტოვის ოლქში ჩუმად დაასაფლავეს, – ამის შესახებ გამოცემა Der Spiegel იტყობინება. გერმანული გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულები სპეცრაზმის 22-ე ბრიგადას ეკუთვნოდნენ, რომელიც დაზვერვის ელიტური ქვედანაყოფია. რუსულ მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გერმანული გამოცემა წერს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმების გამოყენება მიუთითებს იმაზე, რომ ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას უკვე ატარებს და მისი ნაწილები ბაშარ ასადის არმიას ეხმარებიან.
შეგახსენებთ, რომ რუსული ავიაცია 30 სექტემბრიდან სირიაში ოპოზიციის და „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ბომბავს. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ სახმელეთო ოპერაციის ჩატარება სირიაში არ იგეგმება.