რას ყვება ტერორისტი ქალის დედა – მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე მისი დედა ვიყო
20 წლის ფატიმა ჯაფაროვა, რომელიც რუსეთის ქალაქ სურგუტთან ახლოს მდებარე ნიჟნევარტოვსკში ცხოვრობდა, სირიაში „ისლამურ სახელმიწფოს“ შეუერთდა. დედამისი შახლა ბოჩკარიოვა ამბობს, რომ ფატიმამ 2013 წელს სოფელ ნიჟნესორტოვსკში სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, რის შემდეგაც სურგუტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. „ისლამის იდეებით ის ჩემთვის მოულოდნელად დაინტერესდა. ახალ წელს, როდესაც სოფელში ჩამოვიდა, მე სახლში არ ვიყავი იმ დროს, მოულოდნელად ნაძვის ხე დაშალა და სუფრის გაშლაზე უარი განაცხადა. ფატიმამ თქვა, რომ ეს ეშმაკის დღესასწაულია“, – იხსენებს შახლა. ამის შემდეგ დედას და შვილს შორის ჩხუბი მოხდა. ფატიმა სახლიდან წავიდა, ხოლო ძალზე მალე შახლა პოლიციაში დაიბარეს და უთხრეს, რომ მის შვილს ISIS-ის ტერორისტებთან აქვს კავშირი.
„აი მოვლენ ჩვენი ძმები და თქვენ ურწმუნოებს ყველას თავებს მოგაჭრიან. ხელი არც კი ამიკანკალდება“, – ეუბნებოდა ფატიმა დედამისს.
შახლამ ფატიმა სახლში დააბრუნა და ამის შემდეგ მისი სახლის სადარბაზოსთან საეჭვო ხალხი გამოჩნდა. ფატიმა სახლიდან რამდენჯერმე გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ დედამ ის ერთხელ გათბობის რადიატორთანაც კი მიაბა. მიმდინარე წლის იანვარში ის სურგუტში კურსებზე წავიდა და დედასთან კონტაქტს ინარჩუნებდა. უკვე თებერვალში კი ის გაქრა. მარტში კი შახლასთან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და უთხრეს, რომ ფატიმა ჯაფაროვა მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში ნახეს, საიდანაც ის სირიაში გაემგზავრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფატიმა ცოლად გაყვა მამაკაცს, რომელმაც ის გადაიბირა.
„მას შემდეგ, რაც ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავი ააფეთქეს, ფატიმამ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ტერორისტების ქმედებებს მხარს უჭერს. მე სულ იმის განცდა მაქვს, რომ ურჩხული გავზარდე, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ვინმე მოკლას. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ტერორისტის დედა ვიყო“, – აცხადებს შახლა ბოჩკარიოვა.