ექსპერტი ლევან ჩაჩუა: მიმაჩნია, რომ პროკურატურამ ცხედრების ექსჰუმაცია უნდა ჩაატაროს

ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა აცხადებს, რომ სოციალური ქსელით გავრცელებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.
„ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ კადრები ფალსიფიცირებულია. ზურაბ ჟვანიას ცხედარს ტუჩის მიდამოში ერთადერთი დაზიანება აღენიშნებოდა, რაც ჩემს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაშიც ავსახე. დანარჩენი კადრები გაყალბებულია. რაც შეეხება რაულ უსუპოვის ცხედარს, იქ საერთოდ არავითარი დაზიანება არ ყოფილა. მე მიმაჩნია, რომ ჩემი დასკვნა უტყუარია. ექსპრემიერი და უსუპოვი С2-თ დაიღუპნენ.
რა კომენტარი გავაკეთო ამ კადრებზე? მიმაჩნია, რომ სისულელეა და როცა ვნახე, რეაქცია არ მქონია… აბსურდია. თუმცა, რათქმაუნდა ვაღიარებ, რომ ეს ფაქტი არ მესიამოვნა. საზოგადოებას ჟვანიას გარდაცვალების დეტალები აინტერესებს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ პროკურატურამ ცხედრების ექსჰუმაცია უნდა ჩაატაროს და ხელახლა გამოიკვლიოს ის.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს პროკურატურის მიერ გადაღებული კადრები, რომელიც ექსპრემიერის და უსუპოვის გარდაცვალების მთელს სიტუაციას უწყვეტ რეჟიმში ასახავს. ამ პროცესს 2 კამერა იღებდა და იქ ყველაფერი ძალიან კარგად არის ნაჩვენები.
ეს კადრები დღეს პროკურატურას აქვს. თქვენ იცით, რომ დღემდე დაკითხული არ ვარ? შარშან, წლის ბოლოს საზღვარგარეთ ვაპირებდი წასვლას და 2 კვირით ადრე მივმართე პროკურატურას, შევთავაზე, როგორც ექსპერტი დავეკითხეთ, თუმცა გამომძიებელმა რამდენიმე დღის შემდეგ მითხრა, თქვენთან კითხვები არ გვაქვსო. დღემდე ველოდები პროკურატურის ზარს, რომ მოხდეს ჩემი – როგორც ამ საქმეში მონაწილე ექსპერტის დაკითხვა“, – აღნიშნა ლევან ჩაჩუამ „კვირასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები