ირაკლი შოთაძე: რაფალიანცის საქმესთან პირადად შეხება არ მქონია, მაგრამ რაც მე თვალში მომხვდა, იყო არაკვალიფიციურობა

„რაფალიანცის საქმესთან პირადად შეხება არ მქონია“, – ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ დღეს, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც შოთაძემ აღნიშნა, საწყის ეტაპზე არ მოხდა იმ ძირითადი უტყუარი ნივთიერი მტკიცებულებების კვლევის მოპოვება, რაც რეალურად ამ საქმის წარმატებას განაპირობებდა. მისივე თქმით, საქმის გამოძიება საკმაოდ არაკვალიფიციურად დაიწყო.
„რაფალიანცის საქმესთან პირადად შეხება არ მქონია, თუმცა, რომ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ ეს საკითხი აუცილებლად დაისმებოდა. მე გავეცანი ამ სისხლის სამართლის საქმეს.
ძალიან ბევრი რამე დამოკიდებულია საწყის ეტაპზე და საგამოძიებო მოქმედებებზე. ამ საქმის გაცნობისას, რაც მე თვალში მომხვდა, იყო არაკვალიფიციურობა. ვფიქრობ, რომ ზოგადად ასეთი კატეგორიის ძალადობრივ დანაშაულებზე უმნიშვნელოვანესია, როგორ წარიმართება საგამოძიებო მოქმედებები საწყის ეტაპებზევე, რამაც შემდგომში უნდა განაპირობოს სისხლის სამართლის საქმის გახსნა.
შესაბამისად, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან პრობლემურს ხდის რაფალიანცის საქმეზე შესაბამისი სამართლის დაყენებას. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. საწყის ეტაპზე დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა ის, რომ ამ საქმეზე არ არის დადგენილი განაჩენი.
რაც შეეხება სხვა რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებს, ყველა სხვადასხვა შინაარსის მატარებელია. მაგალითად, ზურაბ ჟვანიას საქმეზეც იგივე შეცდომები იქნა დაშვებული. თუმცა ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ბოლომდე მივიყვანთ საქმის გამოძიებას“,-განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები