ირაკლი შოთაძე: 24 მოქალაქეს 2 მილიონ ლარამდე ღირებულების უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდება

მთავარი პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, კანონიერ მესაკუთრეებს დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე ღირებულების უკანონოდ ჩამორთმეული ქონება უკვე დაუბრუნდათ.
“დაზარალებულად ცნობილია 24 მოქალაქე, რომელთაც, პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს და მთავრობის მიერ დაუბრუნდათ უკანონოდ ჩამორთმეული და მათ კანონიერ საკუთრებაში არსებული 26 ავტომანქანა, 2 მიწის ნაკვეთი და ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 2 მილიონ ლარამდეა. ასევე დაბრუნების პროცესშია, თელავში მდებარე რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების აკურის ღვინის ქარხანა”, – განაცხადა შოთაძემ.
პროკურორობის კანდიდატი ასევე აცხადებს, რომ პროცესს, რომელიც პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, შეუქცევადი ხასიათი ექნება.
“პროცესი, რომელიც პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო და რომელიც უკავშირდება მოქალაქეებისთვის იძულებით ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას, აქტიურად მიმდინარეობს და მას ექნება შეუქცევადი ხასიათი. გვესმის, რომ ბევრი მოქალაქე, რომელმაც მოგვმართა, შეიძლება უკმაყოფილო იყოს ახალი დეპარტამენტის მუშაობის ტემპით, თუმცა ყველამ უნდა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ თითოეული განცხადება-საჩივრის ირგვლივ მიმდინაროებს სამართლებრივი პროცესი, გამოძიება, რომლითაც უნდა დადგინდეს გამოთქმულ პრეტენზიებში დანაშაულის არსებობა-არარსებობა. მოსაგროვებელია შესაბამისი მტკიცებულებები, შესაბამისად, ეს მოითხოვს დროს. თუმცა პროკურატურა ამ მიმართულებით გეგმავს მუშაობის გაძლიერებას, ვპირდებით დაზარალებულებს, რომ თითოეულ საჩივარ-განცხადებაზე მოხდება ეფექტური რეაგირება”, – აღნიშნა მთავარი პროკურორობის კანდიდატმა.
ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, ახალ დეპარტამენტში ამ დროისთვის 700-მდე განცხადებაა შესული, რომელიც ქონების ჩამორთმევის ფაქტებს ეხება და 4 ათასამდე განცხადება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, მათ შორის ძალადობის ფაქტებს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები