რაზე ისაუბრეს პაატა ბურჭულაძემ და სააკაშვილმა უკრაინაში? – რა კომპრომატები აქვს ექსპრეზიდენტს
პაატა ბურჭულაძე ძმები მაჭავარიანების ხელშეწყობით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ფარულად შეხვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით გაზეთი „პრაიმ-ტაიმი“ წერს. გამოცემის თანახმად, ფონდ „იავნანას“ საქმიანობასა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით სააკაშვილს შესაძლოა, გარკვეული კომპრომატები ჰქონდეს.
„სააკაშვილმა ზუსტად იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში გამარჯვების შანსები არ აქვს. სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხების საბოლოო გავლა და შეჯერება მოხდა უკრაინაში გამართულ შეხვედრაზე, რის შემდეგაც ბურჭულაძემ, ფაქტობრივად, დაადასტურა მისი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება.
„რა თქმა უნდა, ნებისმიერს, ვისაც სურს, შეუძლია ექსპრეზიდენტს შეხვდეს, მაგრამ ის, რომ ამ შეხვედრის შესახებ არავისთვის იყო ცნობილი და ბურჭულაძემაც საგულდაგულოდ დამალა, გარკვეულ ეჭვებს აღძრავს. საგულისხმოა ის, რომ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ კულუარებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბურჭულაძე პოლიტიკაში მოდიოდა. სწორედ „ნაცმოძრაობის“ კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ შემოდგომის მიწურულს ბურჭულაძე ფონდის დაარსების შესახებ ხმამაღლა განაცხადებდა, შემდეგ კი მას პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნიდა. პაატა ბურჭულაძეს არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება და კავშირები, სამაგიეროდ, აქვს გარკვეული შემოსავალი,ჰყავს მეგობრები როგორც რუსეთში, ისე ევროპაში. ერთი შეხედვით სუფთა წარსული. მეორე მხრივ, სააკაშვილს აქვს პოლიტიკური გამოცდილება და კავშირები. ასევე შეიძლება გარკვეული კომპრომატებიც ფონდ „იავნანას“ საქმიანობასა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით“,- წერს სტატიის ავტორი.
გამოცემასთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ მიხეილ სააკაშვილისა და პაატა ბურჭულაძის შეხვედრა დაადასტურა. მისი განმარტებით, ოდესაში გამართული კონცერტის შემდეგ მსოფლიო ბანმა სადილი გამართა, სადაც ისინი ერთმანეთს, მართლაც, შეხვდნენ და ილაპარაკეს, ოღონდ პოლიტიკაზე არა, აღნიშნავს ბარამიძე.