უკრაინაში ახალი ქართული კინოს რიგით მე-11 ფესტივალი გაიხსნა
ფესტივალი კინოთეატრ „კიევში“ საზეიმო ვითარებაში რეჟისორ ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმი “კრედიტის ლიმიტით“ გაიხსნა. კინოფესტივალის გახსნას უკრაინის ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი ვიაჩესლავ კირილენკო, საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება, უკრაინის ხელისუფლებისა და კიევის ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქართველი და უკრაინელი მსახიობები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.
კინოფესტივალის ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში – 21-27 ნოემბრის ჩათვლით ნაჩვენები იქნება ძველი (განახლებული) და ახალი, სხვადასხვა ჟანრის ფილმები: „ცხრა მთას იქით“, „პატარძლები“, „გაღმა ნაპირი“, „ვერის უბნის მელოდიები“, „მაგდანას ლურჯა“.
ახალი ქართული კინოს XI ფესტივალი სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიასა“ და უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელის“ ორგანიზებით ტარდება. მხარდამჭერები არიან: უკრაინის კულტურის სამინისტრო, საქართველოს საელჩო უკრაინაში და საქართველოს კინოცენტრი.
ქართული კინოს მოყვარულთა უამრავი თხოვნის გათვალისწინებით ფესტივალი უკრაინის სხვა რეგიონებშიც ტარდება: ლვოვში, როვნოში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, ხერსონში ზემოთჩამოთვლილი ფილმები იქნება ნაჩვენები.