„რედისონ ბლუ ივერიაში“ პატიმართა სასჯელის შემსუბუქების საკითხები განიხილეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით „რედისონ ბლუ ივერიაში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც “კვირას” სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმი განიხილეს.
სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის არსებული მექანიზმის ხარვეზებსა და რეკომენდაციებზე. წარმოდგენილი იყო ანგარიში, რომელიც ექსპერტებმა ევროკავშირის ჩართულობით მოამზადეს. განიხილეს ამ მიმართულებით მოწინავე ქვეყნებში არსებული მოდელები და გამოცდილება. გარდა ამისა, იმსჯელეს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმის დახვეწაზე, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტაში სასამართლოს როლის გაზრდაზე, ადგილობრივი საბჭოების მუშაობისა და გადაწყვეტილების დასაბუთების დახვეწაზე.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თქმით, ის, როგორც კერძო მოქალაქე მიიჩნევს, რომ ე.წ. შერეული სისტემა საქართველოსთვის ამ ეტაპზე ყველაზე კარგი იქნება. თუმცა, ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.
„შერეული მოდელი გულისხმობს იმას, რომ ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულზე პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს საბჭომ, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებული პირების საქმეები სასამართლომ განიხილოს. მთავარია შევიმუშავოთ ისეთი მექანიზმი, რომ მსჯავრდებულს და მისი ოჯახის წევრს მივცეთ გადაწყვეტილების სრულყოფილი გასაჩივრების საშუალება,“ – განაცხადა მინისტრმა.
სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი სასამართლომ ადგილობრივი საბჭოს გარეშე უნდა განიხილოს.
პოზიციების შეჯერების შედეგად შეხვედრაზე დაისახა გეგმა, როგორ დაინერგოს ახალი მოდელი და გაუმჯობესდეს პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი. პირობით ვადამდე გათავისუფლების ახალი მოდელის დანერგვისთვის საჭირო იქნება საკანონმდებლო და სხვა სახის ცვლილებები.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი, მოსამართლე რენატე ვინტერი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, პროკურატურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. დაგეგმილია შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების ფართო საზოგადოების წინაშე სამსჯელოდ გატანა, რათა არსებული მოდელის დახვეწა არასამთავრობო სექტორისა და ექსპერტების მონაწილეობით მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები