„ვიცი, ჩემი მეუღლე მაინც ჩემ გვერდით იქნება და ოდესღაც შევხვდებით კიდეც” – რისხვის რეგულირება ფრანგულად
შოკმა, შიშმა და ბრაზმა დაისადგურა ჩვენს გულებში პარიზის ამბების შემდეგ, ბრაზმა, რომელიც ბევრჯერ რისხვაში გადადიოდა, განსაკუთრებით კი გუშინ გამოვლინდა, როდესაც საზიზღარი აბააუდის ჩაცხრილვის ამბავი გავიგეთ და ყველამ ძაღლის მიკვდომა ვუსურვეთ სულში.
ანტუან ლეირი ჟურნალისტია და მეუღლე დაკარგა „ბატაკლანში“. პარასკევს და შაბათს ძმასთან ერთად დღე და ღამე ეძებდა საავადმყოფოებსა და პოლიციის განყოფილებებში.
კვირას, გვიან ღამით, პრეზექტურაში დაუძახეს გვამის ამოსაცნობად. იგლოვა, იტირა, სახლში დაბრუნდა, თავის 17 თვის ბიჭუნას ჩაეხუტა, ისევ იტირა. შემდეგ იგრძნო, რომ რაიმე უნდა დაეწერა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა… სული ეწურებოდა… უნდა გამოეხატა…
გამთენიისას მის ფბ-ის კედელზე ტერაქტის მომწყობებისადმი შემდგომი მიმართვა აიტვირთა (თარგმანი თავისუფალია): „ვერ მოგართმევთ ჩემს სიძულვილს. პარასკევს საღამოს ერთი არაჩვეულებრივი არსება წამართვით. სიყვარული ჩემი სიცოცხლისა, ჩემი ვაჟის დედა, მაგრამ ჩემს რისხვას ვერ მიიღებთ.
არ ვიცი, ვინ ხართ და არც მაინტერესებს, რომ გავიგო ეს, ვინაიდან, სინამდვილეში, უკვე მკვდარი სულები ხართ. იმ ღმერთს, ვისი
სახელითაც ასე განურჩევლად ხოცავთ, თვის სახედ და ხატად რომ შეექმენით, თითოეული ტყვია ჩემი მეუღლის სხეულში, მის გულში ლოცვა–კურთხევად გადაიქცეოდა.
ასე და ამდაგვარად, არ გაგიკეთებთ ამ საჩუქარს, რომ შეგიზიზღოთ. სხვაგვარად, ესაა ის, რასაც ესოდენი გახელებით ითხოვთ, მაგრამ რისხვით პასუხი სიძულვილზე, იგივე უგნურობაში გაბმა იქნებოდა, რამაც ისინი გაგხადათ, რაც ხართ. გინდათ, დავშინდე, ეჭვის თვალით დავუწყო ყურება თანამოქალაქეებს, შევწირო ჩემი თავისუფლება პირად უსაფრთხოებას?! წააგეთ მაშინ, ვერ მოგართვით – მე იგივე თამაშს გავაგრძელებ, რასაც აქამდე ვთამაშობდი.
ვნახე ჩემი მეუღლე დღეს დილით… ბოლოს და ბოლოს, ამდენი ლოდინის შემდეგ. ისეთივე ლამაზი იყო, როგორც პარასკევ საღამოს, კონცერტზე წასვლის წინ. ისეთივე ლამაზი, როგორიც პირველად ვიხილე, 12 წლის წინ და გიჟივით შემიყვარდა. მართალია, გაოგნებული ვარ მისი დაკარგვით – შემიძლია გამოგიტყდეთ თქვენს ამ პატარა გამარჯვებაში, მაგრამ, მერწმუნეთ, დიდხანს არ გაგრძელდება ეს.
ვიცი, რომ ჩემი მეუღლე ყოველდღე მაინც ჩემ გვერდით იქნება და ოდესღაც შევხვდებით კიდეც სამუდამოდ, თავისუფალ სულთა სამოთხეში – იქ, სადაც თქვენ არასოდეს გექნებათ შესვლის ნებრათვა.
ორნიღა დავრჩით ამ ქვეყანაზე, მაგრამ მთელი სამყაროს ჯარებზე უფრო ძლიერნი ვართ. თქვენთვის მოსაძღვნელი მეტი დრო აღარ მაქვს, უნდა წავიდე, ვნახო მელვილი, რომელიც საცაა გაიღვიძებს. ის 17 თვისაა და აგრძელებს თავისი ტკბილეულის ჭამას, დილაობით, როგორც ყოველდღე. შემდეგ, წავალთ და ვითამაშებთ, ისევე, როგორც ყოველდღე და ეს პატარა ბიჭუნა გაიძულებთ, დაუპირისპირდეთ ფაქტს, რომ არის ბედნიერი და არის თავისუფალი. არა, ვერც მის სიძულვილს მიიღებთ.“
ერთმა ჩვენმა მეგობარმა, იკითხა ამას წინათ – „ჯიჰადისტები რაღა საფრანგეთს გადაეკიდნენო?“ – დავპირდი, პასუხს ვიპოვით – მეთქი, აი ისიც“.
სტატიის თარგმანი საბერძნეთში მცხოვრებ ქართველს, დავით შანოუს ეკუთვნის.