თბილისის საკრებულოში “მომავალი თბილისი დღეს – 2015“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

თბილისის საკრებულოში არქიტექტურული სტუდენტური კონკურსის, “მომავალი თბილისი დღეს – 2015“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გამარჯვებულები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად დააჯილდოვა.
კონკურსი თბილისის არქიტექტურასა და დედაქალაქის განვითარებაში სტუდენტების აქტიური ჩართულობის მიზნით განხორციელდა. მათ მიეცათ შესაძლებლობა, წარმოეჩინათ საკუთარი არქიტექტურული და არტისტული ნამუშევრები, არქიტექტურულ-ურბანულ-სივრცით ჭრილში შეექმნათ ინოვაციური პროექტები.
დავით ნარმანიას თქმით, მსგავსი კონკურსები ახალგაზრდებს პროფესიული განვითარების საშუალებას აძლევს.
„მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა, მართლაც საინტერესო ხედვები წარმოადგინეს და დღეს ჩვენ საუკეთესოები დავაჯილდოვეთ.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში გაიმართა სემინარებიც, სადაც სტუდენტებმა მიმართულებების დაზუსტების მიზნით, არქიტექტურული პროექტები და იდეები აღნიშნული სფეროს სპეციალისტებს გააცნეს და მათგან პროფესიული რჩევები მიიღეს. მსგავსი კონკურსები საშუალებას აძლევს მომავალ თაობას, განვითარდნენ, გაიცნონ სფეროს უცხოელი ექსპერტები, იყვნენ აქტიურები. მსგავს პროექტებში მონაწილეობა ეხმარება ახალგაზრდებს, რათა გახდნენ საკუთარი საქმის პროფესიონალები და საკუთარი ცოდნა ქვეყნის, დედაქალაქის განვითარებისკენ მიმართონ.

სწორედ ამიტომ, დედაქალაქის მერია მხარს უჭერს აღნიშნულ და მსგავსი სახის პროექტებს”, – განაცხადა თბილისის მერმა.
კონკურსი, სახელწოდებით: “მომავალი თბილისი დღეს 2015“, პირველ სექტემბერს გამოცხადდა. საპრიზო ფონდი, ჯამში, 14 000 ლარს შეადგენდა. გამარჯვებული იდეის ავტორი 8 ნომინაციაში გამოვლინდა. 2 გრან-პრის მფლობელს 4 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო, დანარენ 6 ნომინაციაში გამარჯვებულ კონკურსანტებს კი ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
პროექტი თბილისის განვითარების ფონდმა, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „Peter Moennig“ ფონდთან და „Tbilisi International Rotary Club“-თან ერთად განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები