“ბერნარდ კუშნერის ჯანდაცვის რეფორმებში ჩართულობა მსოფლიო გამოცდილებაზე წვდომასა და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას უზრუნველყოფს”

ბერნარდ კუშნერის ჯანდაცვის რეფორმებში ჩართულობა უზრუნველყოფს მსოფლიო გამოცდილებაზე წვდომასა და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ბერნარდ კუშნერს ძალიან დიდი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე. ჯანდაცვის მინისტრმა რუსეთ-საქართველოს ომის კრიტიკულ დღეებში ფრანგი დიპლომატის თბილისში ვიზიტი გაიხსენა.
„ბატონი კუშნერი განათლებით ექიმია და განხორციელებული აქვს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც ახლაც მიმდინარეობს და წარმატებულია. ჩვენ ახლა უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ ბატონ კუშნერს ახლა უკვე სხვა ამპლუაში ვეთანამშრომლოთ და დაგვეხმაროს რეფორმების განხორციელებაში. ის დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. კუშნერი იქნება ჩვენი კონსულტანტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის და, ზოგადად, ჯანდაცვის რეფორმის საკითხებში. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება საფუძველი კიდევ ერთი ნაბიჯისა ახალი სტრატეგიული დაგეგმარებისთვის ქართულ ჯანდაცვის სისტემაში. ეს არის დასაწყისი იმ ახალი თანამშრომლობისა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება. „გლობალური ალიანსთან“ თანამშრომლობა აპრილში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ნათლად დაგანახეთ, რომ ეს თანამშრომლობა შედგა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები