პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი მოსწავლის მიერ თანაკლასელის დაჭრის ფაქტს უარყოფს
პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი თამარ კაპანაძე მე-7 კლასის მოსწავლის მიერ თანაკლასელის დაჭრის ფაქტს უარყოფს. როგორც კაპანაძემ „კვირას“ განუცხადა, მე-7 კლასის მოსწავლეს გაკვეთილის დაწყებისას მასწავლებელმა ცივი იარაღი შენიშნა, მერხზე მის გვერდზე მჯდომმა მოსწავლემ კი დანის გამორთმევა სცადა, რა დროსაც ბარძაყის არე მსუბუქად გაეკაწრა.
დირექტორის ინფორმაციით, 12 წლის მოზარდმა მცირე ზომის დანის ფანჯრიდან გადაგდება მოასწრო, თუმცა სკოლის მანდატურმა მისი პოვნა შეძლო. ამასთან, როგორც კაპანაძე აღნიშნავს, მოზარდი ამტკიცებს, რომ ცივი იარაღი ქუჩაში იპოვა და მასთან სრულიად შემთხვევით მოხვდა.
“საბედნიეროდ, ცუდ ამბავს ავცდით. არანაირი დაპირისპირება და ჩხუბი ბავშვებს შორის არ ყოფილა. ბავშვს რომ ცივი იარაღი ჰქონდა, ეს იყო ცუდი ფაქტი. გაკვეთილის დაწყებისას მასწავლებელმა შენიშნა, რომ მოსწავლეს დანა ჰქონდა ამოღებული, თანაკლასელმა კი მისთვის ნივთის გამორთმევა სცადა, რა დროსაც მას ბარძაყის არე გაეკაწრა. ექიმმა ბავშვს ნაკაწრი დაუმუშავა და ის სკოლაში სიარულს ყოველგვარი გართულებების გარეშე აგრძელებს.
პედაგოგმა ამის შესახებ დირექციას იმ წუთშივე აცნობა და სპეციალური ზომები გატარდა. ეცნობა დისციპლინურ კომიტეტსა და უბნის ინსპექციას. ასევე მშობელს. მსგავსი შემთხვევა სკოლაში არასოდეს მომხდარა და რა თქმა უნდა, დაუშვებელია ასეთი რამ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მოსწავლე სიმართლეს ამბობს და ეს ნამდვილად შემთხვევითობა იყო”,-განაცხადა კაპანაძემ.
დირექტორი ინციდენტში მონაწილე მოსწავლეს დადებითად ახასიათებს და აღნიშნავს, რომ წელს მას სწავლის მხრივაც გაცილებით უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე წინა წელს.
“ბავშვის აკადემიური მოსწრებაც არის საშუალო და წინა წელთან შედარებით სწავლის მხრივაც არის უკეთესი”,- განაცხადა კაპანაძემ.
სკოლის დირექტორის თქმით, მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, სკოლის დირექცია საჭირო ზომების გატარებას გეგმავს.
მედიაში გავრელდა ინფორმაცია, რომ პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლემ თანაკლასელი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა საქმე 125-ე მუხლით აღძრეს.