პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მიხეილ ხორავას გამოფენას უმასპინძლებს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 19 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, ქართველი მხატვრის, მიხეილ ხორავას (1950–2005) ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრების რეტროსპექტიულ გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენა 19 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება. დიდი ხელოვანის ნამუშევრები, მხატვრის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ პირველად გამოიფინება და მისი დათვალიერების საშუალება საზოგადოებას ერთი კვირის განმავლობაში ექნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მისი ადრეული და ბოლო პერიოდის ნამუშევრები – 50-მდე ფერწერული ტილო და 30 -მდე კერამიკული, ხის, მეტალის სკულპტურა და ინსტალაცია. ექსპერიმენტული, ექსპრესიული და ემოციურად დატვირთული ნამუშევრები იმ ტრანსფორმაციის ანარეკლებია, რომელსაც მიხეილ ხორავას შემოქმედება დროთა განმავლობაში განიცდიდა. სურათების გარკვეული ნაწილი 90-იანი წლებში შექმნილი ნამუშევრებია. სწორედ ამ წლებში შესრულებული ნახატებით გახდა ის ერთგვარი აღმოჩენა ფართო საზოგადოებისათვის.
მრავალხმრივი და ექსპრესიული ხელწერა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა მნახველზე. მისი ხატვის სისტემა გარკვეულ წესებს ემორჩილება. ერთი შეხედვით ნახატი ფერების ლაქების ან ხაზების ერთობლიობად აღიქმება. მოგვიანებით კი მნახველი, მას მერე. რაც გარკვეული ფიგურის მცირე მინიშნებებს აღმოაჩენს, ნელ –ნელა ქმნის გამოსახულებას, რაც სურათს თითქოსდა ინტერაქტიულს ხდის – რჩება შთაბეჭდილება, რომ მნახველი მხატვართან ერთად ქმნის ნამუშევარს.
სხვადასხვა მნახველში ის სხვადასხვა ემოციას იწვევს, რადგან ხშირად მისი ტილოები არც მზამზარეულ და არც კონკრეტულ გზავნილებს არ იძლევა. ეს ის მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც ყოველ ნახვაზე ახალ ემოციას ბადებს. მიხეილ ხორავას მხატვრული მიზნები მშობელი ხალხის ცხოვრებით, მშობლიური მიწაწყლის სიყვარულითაა შთაგონებული. ადრეულ ნამუშევრებში აშკარა კუბიზმის, მოდერნიზმის, პოსტიმპრესიონისტების და ნაივური ფერწერის გავლენები შეიმჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები