მამუკა არეშიძე: კონტრდაზვერვისა და ანტიტერორისტულ სამსახურებს დაფინანსება უნდა გაეზარდოთ

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის ჯონ ბრენანის მოხსენებას, სადაც ის აშშ-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სტრატეგიის შეცვლასა და უსაფრთხოების სამსახურების შესაძლებლობის გაზრდაზე საუბრობს, „კვირასთან“ ექსპერტი მამუკა არეშიძე აფასებს და ამ მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.

არეშიძე ფიქრობს, რომ საქართველოს, კონტრდაზვერვისა და ანტიტერორისტულ სამსახურებს საქმიანობის ეფექტურად განსახორციელებლად, სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით კი ფინანსებით უზრუნველყოფა სჭირდებათ.

არეშიძის თქმით, აღნიშნულ სამსახურებში უნდა მოწესრიგდეს და დაიხვეწოს ტექნიკური მხარე და გაიზარდოს პერსონალის რაოდენობა. ექსპერტი ამბობს, რომ კონტრდაზვერვისა და ანტიტერორისტული სამსახურების ტექნიკურად კარგად აღჭურვა უმნიშვნელოვანესია. „ვფიქრობ, კონტრდაზვერვის სამსახურსა და ანტიტერორისტულ სააგენტოს დაფინანსება უნდა გაეზარდოთ, რათა მოწესრიგდეს ტექნიკური მხარე და პერსონალის რაოდენობა გაიზარდოს. ამ სამსახურებს უნდა ჰქონდეთ გამართული მექანიზმები იმისთვის, რომ ეფექტურად ითანამშრომლონ უცხოელ კოლეგებთან. ისინი უნდა მოქმედებდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებში, თუმცა ხელისუფლებამ ამ სამსახურებს ნაყოფიერად მუშაობისთვის მეტი საშუალებები უნდა მისცეს“,- განუცხადა “კვირას“ მამუკა არეშიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯონ ბრენანი ვაშინგტონში საგანგებო მოხსენებით გამოვიდა და ამერიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა. ბრენანი თვლის, რომ პარიზის თავდასხმა მხოლოდ ერთჯერადი აქტი არ არის.

მისი თქმით, სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელს უხდებოდა პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ როგორ გამოეპარათ უსაფრთხოების სამსახურებს ასეთი თავდასხმა მაშინ, როდესაც ტერორისტებს, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში მრავალჯერადი კომუნიკაცია ჰქონდათ ტერაქტების მოსამზადებლად.

ჯონ ბრენანი მიიჩნევს, რომ უნდა გადაიხედოს საკანონმდებლო შეზღუდვები უსაფრთხოების სამსახურების მუშაობასთან დაკავშირებით.

“არსებობს უამრავი საშუალება, რომელიც როგორც ტექნიკურად, ასევე კანონის თვალსაზრისით ართულებს დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურების შესაძლებლობას.

ვფიქრობ, ახლა დროა, განსაკუთრებით ევროპისთვის, ასევე ჩვენთვისაც, გავარკვიოთ, ნებსით თუ უნებლიეთ, ხომ არ შეიქმნა ერთგვარი ნაპრალი დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების შესაძლებლობებში, დაიცვან ხალხი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო გარკვეული ინფორმაციის უკანონოდ გამჟღავნების ფაქტები, იყო გარკვეული პოლიტიკა, კანონით დაწესებული თუ სხვა ქმედებები, რომლებმაც უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა ჩვენი შესაძლებლობა, გამოეაშკარავებინა ტერორისტები. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება განგაშის ზარი, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც, ჩემი აზრით, არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ იმ საქმიანობაზე, რომელსაც დაზვერვის სამსახურები სწევენ”, – განაცხადა ჯონ ბრენანმა.

ბრენანმა დღეს ასევე მიანიშნა, სადაზვერვო სამსახურის როლის გაძლიერების აუცილებლობაზე, ევროპაში ლტოლვილთა კრიზისის პირობებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები