ევროკომისიის პრეზიდენტი და დონალდ ტუსკი უსაფრთხოების მიზნით ანტალიის აეროპორტში შეაყოვნეს
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი თურქეთიდან თვითმფრინავით დროულად ვერ გაემგზავრნენ, რადგანაც ავიალაინერის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ეჭვები არსებობდა.
ევროკავშირის მაღალჩინოსნები, ანტალიაში გამართული G20-ის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, ბელგიის საჰაერო ძალების მიერ უზრუნველყოფილი კერძო თვითმფრინავით ბრიუსელში დაბრუნებას გეგმავდნენ. მათ განუცხადეს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ეჭვების გამო, უნდა დალოდებოდნენ სხვა თვითმფრინავს, რომელიც სპეციალურად მათთვის ანტალიაში უნდა ჩაფრენილიყო. ამ საკითხს უკვე თურქეთის შესაბამისი უწყებები იძიებენ.
თურქეთიდან დაგვიანებით გამგზავრების გამო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრების განრიგი შეიცვალა.
„როიტერის“ კორესპონდენტი იუწყება, რომ სხვა რეისები განრიგის შესაბამისად ხორციელდება.