გიორგი კვირიკაშვილი და თეა წულუკიანი დიმიტრიუს ავრამოპულოსს შეხვდნენ
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროკომისარს მიგრაციისა და საშინაო საკითხებში დიმიტრიუს ავრამოპულოსს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ვიზალიბერალიზაციის პროცესზე ისაუბრეს, საქართველოს დელეგაციამ ევროკომისარს ინფორმაცია მიაწოდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკომისარ ავრამოპულოს მხრიდან საქართველოს მიერ განხორციელებულ მთელ რიგ რეფორმებს მაღალი შეფასება მიეცა, განსაკუთრებით, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კონტექსტში.
მან ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში მოწინავე ქვეყნის როლს და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის ძალისხმევა სათანადოდ იქნება აღნიშნული ევროკავშირის მხრიდან და ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით ქვეყანა დადებით შეფასებას მიიღებს.