შექმნის თუ არა გარემოსდაცვითი კუთხით „პანორამა თბილისი“ პრობლემებს
„გარემოსდაცვითი კუთხით „პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელება არ იქნება პრობლემებთან დაკავშირებული, თუ ყველა ის დათქმა, რაც შემარბილებელ ღონისძიებებად გვაქვს ანგარიშში ჩადებული, შესრულებული იქნება“,- აღნიშნული განცხადება კომპანია „გამა კონსალტინგის“ გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორმა ჯუღული ახვლედიანმა გააკეთა.
კომპანიამ შეისწავლა, „პანორამა თბილისის“ განხორციელების შემთხვევაში, ეს რა გარემოს დაცვით რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული. მათ შორის, მდინარის ჰიდროლოგიური რეჟიმი, მდინარე ლეღვთახევი, ვნახეთ მცენარეული საფარი, შევისწავლეთ ცხოველთა სამყარო, რაც შეიძლებოდა იქ ყოფილიყო, ნიადაგი, წყალი, ჰაერი, ხმაურის ფონური მდგომარეობა, ჰაერში მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მდგომარეობა და ყველა ის საკითხი, რაც შეიძლება თან ახლდეს ასეთი პროექტის განხორციელებას. შეისწავლეს ასევე იმ საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა და ამასთან დაკავშირებული ატმოსფერული ემისიები.
„ანგარიშში ჩვენ გვქონდა ისიც, თუ რა შეიძლება მოჰყვეს იქ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას. განისაზღვრა შემარბილებელი ღონისძიებები, ის, თუ რა უნდა იყოს გათვალისწინებული ასეთი მშენებლობების დროს, რომ ზემოქმედების მინიმაზია მოხდეს. შესწავლილია მცენარეული საფარი. არცერთი ობიექტის გავლენის ზონაში არცერთი ეგზემპლარი, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი არ არის. იქ სამი სახეობის მცენარეა და ისიც ხელოვნურადაა გაშენებული. ძირითადად, დომინანტია ელდარის ფიჭვი, არის რამდენიმე ჰიმალაის კედარი და რამდენიმე კვიპაროსი. თუ მშენებლობა განხორციელდება, სოლოლაკის მაღლობზე მოჭრას შეიძლება 128 ეგზემპლარი ელდარის ფიჭვი დაექვემდებაროს. განსაზღვრულია, თუ როგორ გაიზრდება საავტომობილო ზრდაზე მოძრაობის ინტენსივობა მშენებლობისას და როგორ შეიძლება გაიზარდოს ექსპლუატაციის პერიოდში. ეს მონაკვეთი გადატვირთულია და წავკისის თუ კოჯრის მიმართულებით გადაადგილებისათვის ალტერნატიული გზების გამოძებნაა საჭირო“,- განაცხადა ჯუღული ახვლედიანმა.