„თი-ბი-სი ბანკის“ პროექტის: “წერე ქართულად” ფარგლებში ლექსიკონების გაციფრულება დაიწყო

 „თი-ბი-სი ბანკის“ პროექტის, “წერე ქართულად” ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ყველაზე დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის გაციფრულება დაიწყო. ორტომიანი ლექსიკონი, რომელიც დღემდე მხოლოდ ბეჭდური სახით არსებობდა, 6 თვეში სრულად გაციფრულდება და ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
დონალდ რეიფილდის, რუსუდან ამირეჯიბისა და შუქია აფრიდონიძის ორტომიანი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი ყველაზე დიდი უცხოენოვანი ლექსიკონია ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაში, რომელიც 100 000-ზე მეტი სიტყვისაგან შედგება. წიგნში მკითხველი ბევრ ისეთ სიტყვას იპოვის, რომლებიც სხვა ლექსიკონებთან შედარებით უფრო ზუსტად ან საერთოდ პირველადაა განმარტებული.
ლექსიკონების გაციფრულების პროცესის ხელშესაწყობად, „თი-ბი-სი ბანკმა“ ეროვნულ ბიბლიოთეკას სამი კომპიუტერი გადასცა. კომპიუტერები ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილებაში განთავსდება და ლექსიკონების ბაზის განვითარებას მოხმარდება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდის გარდა, ლექსიკონი საიტებზე: Lexicon.ge და Translate.ge განთავსდება და მისით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
„წერე ქართულად“, – პროექტის ფარგლებში, ქართულ-ინგლისური ლექსიკონის გარდა, ეროვნული ბიბლიოთეკა თურქულ-ქართული, გერმანულ-ქართული, ლათინურ-ქართული იურიდიული განმარტებითი ლექსიკონების, ასევე უკრაინულ-ქართული და სომხურ-ქართული ლექსიკონების გაციფრულებაზე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები