„პაშა ბანკი“ „საქართველოს აგროფორუმი 2015“-ის სპონსორია
2015 წლის 19 ნოემბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოს აგროფორუმს, რომელიც ტარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს აგროპროექტების მართვის სააგენტოს და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და მხარდაჭერით. ფორუმი, რომლის ორგანიზატორია APK-Inform Agency, ერთ სივრცეში მოუყრის თავს აგროინდუსტრიის ორასამდე წარმომადგენელს საქართველოსა და საზღვარგარეთიდან.
„პაშა ბანკისთვის“, რომელიც რეგიონალურ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილ და საშუალო საწარმოებს, აგრარული სექტორი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულია ინვესტირების კუთხით. ფორუმის დამსწრეებს ექნებათ საშუალება, განიხილონ კაპიტალდაბანდების შესაძლებლობები, შეხვდნენ პოტენციურ ინვესტორებს და აწარმოონ საქმიანი მოლაპარაკებები.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან უცხოური ბიზნესის წარმომადგენლები – აგროინდუსტრიის ნედლეულით და ტექნიკით მომმარაგებელი კომპანიები, საინფორმაციო რესურს-ცენტრები, სოფლის სამეურნეო პროდუქციის იმპორტიორები, ლოგისტიკური კომპანიები, საინვესტიციო ორგანიზაციები აგრო მიმართულებით, საფინანსო ინსტიტუტები და როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურები.
„საქართველოს აგროფორუმი მნიშვნელოვან საკომუნიკაციო პლატფორმას ქმნის აგრობიზნესის წარმომადგენლებისა და ამ სექტორში ინვესტირების მსურველთათვის. ჩვენი ბანკისთვის საინტერესოა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა, რადგან ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში აგროსექტორის მზარდ პოტენციალს ინვესტირების კუთხით“, – განაცხადა „პაშა ბანკის“ კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა გოგა ჯაფარიძემ.