“საქართველოში უნდა გაიხსნას სასწავლებელი, სადაც ისლამის კუთხით რელიგიურ განათლებას მიიღებენ“
„ტერორიზმთან საბრძოლველად საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებთან, თავის მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთანაც უნდა ითანამშროლოს“, – განცხადება ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, აუცილებელია საქართველომ, აგრეთვე ისრაელთანაც ითანამშროლოს, რადგან, მისივე თქმით, ისრაელს ამ სენთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს. არეშიძე მიიჩნევს, რომ ტერორიზმის საფრთხეს ზრდის ქართველი მუსულმანების საეჭვო ქვეყნებში სასწავლებლად წასვლის ფაქტი. მისი თქმით, აუცილებელია საქართველოში შეიქმნას საწავლებელი, სადაც ქართველ მუსულმანებს საშუალება ექნებათ, ისლამის კუთხით რელიგიური განათლება მიიღონ. თუმცა, მისივე აზრით, ამისთვის ეს სასწავლებელი აუცილებლად ლიცენზირებული უნდა იყოს განათლების სამინისტროს მიერ.
„ჩვენს სპეცსამსახურებს ტერორიზმთან ბრძოლის გამოცდილება არ აქვთ, მათ მასთან შეხება არ ჰქონიათ, ერთია, სირიაში წამსვლელი დააკავო და მეორეა ტერორიზმს ებრძოლო, ამიტომ აუცილებელია ჩვენს პარტნიორებთან და მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთანაც ვითანამშრომლოთ. რუსეთი, რასაკვირველია, ოკუპანტია, მაგრამ ეს არის თემა, რომელიც არანაკლები საფრთხის შემცველია. აუცილებელია, ქვეყანამ ადგილობრივ მუსულმანებში დასაყრდენი მონახოს. უნდა ვითანამშრომლოთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომელთაც ამ სენთან ბრძოლის უზარმაზარი გამოცდილება აქვთ, ესაა ისრაელი. ისრაელის სპეცსამსახურებში საქართველოდან წასული ბევრი ადამიანია. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოდან ახალგაზრდა მუსულმანების საეჭვო ქვეყნებში სასწავლებლად წასვლა შეიზღუდოს. აქ უნდა გაიხსნას მათთვის სასწავლებელი, ვისაც უნდა, მიიღოს ისლამის კუთხით რელიგიური განათლება და შემდეგ დაიწყოს მუშაობა, როგორც რელიგიურმა მოღვაწემ. ამისთვის ეს სასწავლებელი აუცილებლად ლიცენზირებული უნდა იყოს განათლების სამინისტროს მიერ“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.