აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ კანონს, რომელმაც საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობის გაძლიერებას შეუწყო ხელი, – ამის შესახებ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში ხაზგასმულია საქართველოს მიღწევები და რეფორმები ისეთ სფეროებში როგორიც არის სასამართლო სისტემა, გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა, წარმატებები უშიშროების სამსახურისა და სასჯელაღსრულებითი სისტემის რეფორმირების პროცესში. განცხადებაში ასევე საუბარია “რუსთავი 2-ის“ საკითხთან დაკავშირებით, ვაშინგტონი მიესალმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოლენებს, რაც შესაძლებელს ხდის სააპელაციო პროცედურების გაგრძელებას. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“12 ნოემბერს, ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც თბილისში, 2014 წელს გამართულ შეხვედრაზე განსაზღვრული მიზნების განხორციელებაში მიღწეული პროგრესი განიხილეს. ეს შეხვედრა დაეყრდნო სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას, რომელიც გაიმართა ვაშინგტონში საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში და რომელსაც ამერიკისმხრიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი მასპინძლობდნენ.
მხარეებმა დაადასტურეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის სამართლიანი, თანასწორი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს, ასევე პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ღია, პლურალისტული და დამოუკიდებელი სივრცის მნიშვნელობა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დადებითად შეაფასა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, რაც იძლევა შესაძლებლობას სააპელაციო პროცედურები გაგრძელდეს და საქართველოში მედია პლურალიზმი შენარჩუნდეს. ორივე მხარემ დაადასტურა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების მნიშვნელობა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაქო საქართველო სასამართლო სისტემაში, გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისთვის, და იმედი გამოთქვა, რომ ეს ძალისხმევა გაგრძელდება და უფრო ღრმად და ფართოდ აისახება როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოიწონა საქართველოს განზრახვა წინასასამართლო პრობაციის სამსახურის შექმნის შესახებ და მოელის, რომ ეს განზრახვა სწრაფად განხორციელდება. ორივე მხარემ აღნიშნა საქართველოს წარმატებები სამართალდამცავი და უშიშროების სამსახურების, ადმინისტრაციული და წინასწარი პატიმრობის და სასჯელაღსრულებითი სისტემის რეფორმებში. მხარეებმა დაადასტურეს, რომ ზემოაღნიშნული და სხვა რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და ხელს უწყობს საქართველოს თავისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების მიღწევაში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს აღუთქვა რომ გააგრძელებს აღნიშნული მიზნების მიღწევაში მის მხარდაჭერასა და დახმარებას.
ორივე მხარემ აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც მიმართულია გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისკენ, და ამასთან, მხარეებმა დაადასტურეს, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს პროგრესი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ კანონს, რომელმაც საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობის გაძლიერებას შეუწყო ხელი. სამუშაო ჯგუფმა ასევე აღიარა საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა ისეთი ინკლუზიური საზოგადოების შექმნის მიმართულებით, სადაც დაცულია ყველა ადამიანის, მათ შორის, უმცირესობათა წარმომადგენლების უფლება, რეგიონში საქართველოს მოწინავე პოზიცია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, და მისი ძალისხმევა ებრძოლოს ადამიანებით უკანონო ვაჭრობას.
საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შედიოდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე თანა-თავმჯდომარეობდნენ.
აშშ-ის დელეგაციას კი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ჯონათან კაცი და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისრეგიონული ხელმძღვანელი კეთრინ ნიუკომბი ხელმძღვანელობდნენ. აშშ-ს დელეგაციაში ფართოდ იყვნენ წარმოდგენილნი სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები