“როგორ გამოასახლებენ გიორგი მარგველაშვილს”

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოყვანის მიზნით მმართველმა გუნდმა ავლაბრის სასახლე ბიბლიოთეკას, უნივერსიტეტსა თუ შინაარსობრივად მსგავსი ტიპის სხვა ორგანიზაციას სიმბოლურ ფასად გადასცეს.
ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ ეკონომიკურმა გუნდმა ის სოლიდურ თანხადაც გაყიდოს.
”საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო ქონებას მთავრობა განკარგავს. ამიტომ შესაძლოა, პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოყვანის მიზნით, მმართველმა გუნდმა ავლაბრის სასახლე ბიბლიოთეკას, უნივერსიტეტსა თუ შინაარსობრივად მსგავსი ტიპის სხვა ორგანიზაციას სიმბოლურ ფასად გადასცეს. არც იმას გამოვრიცხავ, ეკონომიკურმა გუნდმა ის სოლიდურ თანხადაც გაყიდოს. ალბათ, მსგავსი სცენარის საბოლოო მიზანი შენობაში პრეზიდენტის ყოფნის უკანონოდ გამოცხადება იქნება, თუმცა აქ სხვა სამართლებრივი ფაქტორებიც უნდა გავითვალისწინოთ – გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადგილსამყოფელად ავლაბარში მდებარე რეზიდენცია განისაზღვრა.
ვერ გეტყვით, საკუთარი ინტერესების სამართლებრივად გამართვას რომელი მხარე უფრო სრულყოფილად მოახერხებს, თუმცა, ერთი რამ ნათელია – ყველაფერი მთავრობის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მმართველი გუნდი მზად უნდა იყოს იმისთვისაც, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მისთვის პოლიტიკურად წამგებიანი იქნება, თანაც, თუნდაც შენობის გაყიდვის ან გაჩუქების შემთხვევაში, სანამ პრეზიდენტი რეზიდენციაში ცხოვრობს, შენობას სახელმწიფო დაცვის სამსახური იცავს. ამიტომ ხელისუფლებას იმაზე ფიქრიც მოუწევს, საკუთარი გადაწყვეტილების აღსრულება რა ფორმით უნდა უზრუნველყოს. ერთი სიტყვით, საკმაოდ არაორდინარული ვითარებაა, რომელმაც შესაძლოა, ქვეყნის იმიჯი მნიშვნელოვნად დააზარალოს”, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები