„ჩვენი უპირველესი ამოცანა არის, გავხადოთ საქართველო ენერგოდამოუკიდებელი“
საქართველოს ენერგეტიკა ბოლო ორი წლის განმავლობაში “მეორე დაბადებას განიცდის”: იზრდება ინვესტირება ამ დარგში. შემოდის ახალი სიმძლავრეები, ხდება ინფრასტრუქტურის სრულყოფა. „პერეტოკმა“ გადაწყვიტა, მიმდინარე პროცესების დეტალები პირველწყაროსგან – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისგან, ვიცე–პრემიერ კახა კალაძისგან გაეგო.
– ბატონო კახა, სამი წელი შესრულდა, რაც თქვენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობთ. როგორ შეაფასებთ მოკლედ თქვენი საქმიანობის მთავარ შედეგებს?
– არ იქნება სწორი, ჩემს შედეგებზე ვისაუბრო. მუშაობას, პირველ რიგში, აფასებენ ექსპერტები, საზოგადოება, ჟურნალისტები. საქართველოს ენერგეტიკაში ხორციელდება ცვლილებები. მაგრამ ეს ჩვენი სამინისტროს თანამშრომლების დამსახურებაა და არა მარტო სამინისტროსი – კომპანიების, საწარმოების დიდი ჯგუფის, რომელსაც ჩვენ მთლიანობაში ვუწოდებთ საქართველოს ენერგოსექტორს. მთავარი ცვლილება არის – ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეები, რომლებმაც დაიწყეს მუშაობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ბოლო 3 წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში იქნა შეყვანილი 10 ჰიდროელექტროსადგური საერთო სიმძლავრით 157 მგვტ, მისი საინვესტიციო ღირებულებაა 264.4 მილიონი აშშ დოლარი და კომბინირებული ციკლის გარდაბნის თბოელექტროსადგური, სიმძლავრით 239 მგვტ. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ელექტროენერგეტიკის სიმძლავრე პრაქტიკულად 400 მგვტ–ით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეტია, ვიდრე წინა 20 წლის განმავლობაში და ეს არ არის ზღვარი. ჩვენ გვაქვს ბევრი პროექტი, რომლებიც მოცემულ მომენტში რეალიზაციის პროცესშია და მე დარწმუნებული ვარ, გაშვებული იქნება ექსპლუატაციაში უახლოეს მომავალში.
– ერთი თვის წინ რუსეთში გამოაქვეყნეს ენერგოსტრატეგია 2035 წლამდე. ალბათ საქართველოსაც აქვს მსგავსი დოკუმენტი. რამდენიმე სიტყვით ვერ დაახასიათებდით თქვენი ქვეყნის ენერგოსტრატეგიას?
– დიახ, ჩვენც გაგვაჩნია ჩვენი სტრატეგია, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების 10- წლიანი გეგმა. მისი პირველი ამოცანაა – გავხდეთ მაქსიმალურად ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა. ამ ამოცანის რეალიზება, ქვეყნის შიგნით ახალი გენერაციის მშენებლობას, ახალ ენერგოგადამცემ ხაზებს, ახალ ქვესადგურებს გულისხმობს. მაგრამ ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ახლის მშენებლობით, მოცემული ენერგეტიკული აღჭურვილობის აქტიური მოდერნიზაციაც უნდა ხორციელდებოდეს. საკმარისია იმის თქმაც, რომ დაგეგმილია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლებაზე მივმართოთ ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი თანხა–700 მილიონი ევრო.
სიტუაციის გასაგებად აგიხსნით ენერგოსისტემის ფუნქციონირების თავისებურებანს. დღეს ჩვენ ვახორციელებთ დენის როგორც იმპორტს, ასევე ექსპორტს. არის ასეთი სეზონური პრობლემა: სექტემბრიდან მარტის ბოლომდე ჩვენ ვახორციელებთ ელექტროენერგიის იმპორტს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან. აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით კი ჩვენ ვახორციელებთ ექსპორტს. საქართველოს ელექტროენერგიის 2015 წლის ბალანსზე დაყრდნობით, რომელიც გამოაქვეყნა ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა, იმპორტმა იანვრიდან სექტემბრამდე შეადგინა 434.8 მილიონი კვტ. საათი, ექსპორტმა კი –614.8 მილიონი. კვტ. საათი. ეს დაკავშირებულია წყალსაცავების სეზონურ შევსებადობასთან, ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების კლებასთან ან მატებასთან. შეგახსენებთ, ჩვენ გაგვაჩნია უზარმაზარი წყლის რესურსი. წარმოგიდგენიათ, საქართველოში არის 25 ათასი მდინარე და მათგან 300–400 უპირობოდ წარმოადგენს ინტერესს ენერგეტიკისთვის.
მაგრამ ჩვენ ვხვდებით, რომ ჰიდროენერგეტიკით გატაცება არ მოგვიხსნის სეზონურ პრობლემას. ამიტომ ჩვენ პარალელურად შეგვყავს ექსპლუატაციაში ახალი თბოელექტროსადგურები. ამას წინათ ავაშენეთ გარდაბნის თბოელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 500 მგვტ-ია, იმიტომ რომ საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს აშენებული ყველა თბოელექტროსადგური მოძველებულია. გარდაბნის სადგური 40%-ით უფრო ეფექტურია ძველებზე. ვაპირებთ კიდევ ერთი მძლავრი ცენტრალური თბოსადგურის აშენებას – 500 მგვტ. სიმძლავრით. გვაქვს გეგმები ქარის სადგურებთან დაკავშირებით. ჩვენ ვაპირებთ უახლოესი 5–7 წლის განმავლობაში გავხდეთ სრულიად ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა.
– ნებისმიერი გენერაციის განვითარებაში არის გიგანტური პრობლემა – ინვესტიციები. ვის შეიძლება უწოდოთ მთავარი ინვესტორები – როგორც რეალურად მოქმედი, ასევე პოტენციური?
– ჩვენი ინვესტორები ფაქტობრივად მთელი მსოფლიოდან – თურქეთიდან, ნორვეგიიდან, ამერიკიდან არიან. ამას წინათ მოვაწერეთ ხელი კონტრაქტს და დაიწყო „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა, მისი სიმძლავრე იქნება 280 მგვტ. პროექტში გაიმარჯვა სამხრეთ კორეულმა წყლის რესურსების სახელწიფო კორპორაციამ KWater-მა. ამ პროექტის რეალიზაციისთვის მათ უნდა გამოყონ მილიარდ დოლარამდე. დამეთანხმებით, ეს ძალიან დიდი პროექტია.
კიდევ ერთი არცთუ ისე პატარა პროექტის ინვესტორია ინდური კომპანია „ტატა ჯგუფი“. საუბარია რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე: შუახევი – სიმძლავრით 175 მგვტ. და საინვესტიციო ღირებულებით – 290 მილიონი აშშ დოლარი, კორომხეთი – სიმძლავრე 150 მგვტ, და საინვესტიციო ღირებულებით 250 მილიონი აშშ დოლარი. ასევე დიდი ჰიდროელექტროსადგური არის ხუდონჰესი – 702 მგვტ. ინდური ინვესტიციები შეადგენს 1.2 მილიარდ დოლარს. უნდა აღვნიშნო, რომ ჰუდონჰესი ქვეყანაში ყველაზე დიდი იქნება. აი ეს არის უახლოესი პერსპექტივის მსხვილი პროექტები. დამუშავების პროცესში, ლიცენზირების და კვლევის ეტაპზე გვაქვს ჰიდროელექტროსადგურების 104 პოექტი, ჯამური დადგენილი სიმძლავრით 2900 მგვტ–ზე მეტი, მათ შორის, ჩვენი გათვლებით, 3 ძალიან დიდი ობიექტი და ვფიქრობ, ძალიან მალე გამოვაცხადებთ მათზე ტენდერს.
– არ შემიძლი,ა არ დაგისვათ კითხვა ქარის პარკის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლისთვისაც თქვენ მიიღეთ დიდი კრედიტი. ეს, რა თქმა უნდა, მოდური თემაა ევროპაში, მაგალითად მგზავრობ და პრაქტიკულად ყველგან ტკბები მრავალრიცხვოვანი ქარის პარკებით. მაგრამ რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ ენერგეტიკის განვითარება ქარის გამოყენებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ზუსტად ჰირდოენერგეტიკაში?
– დიახ, პროექტი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, გახდება პირველი საქართველოს ქარის ენერგეტიკაში. ჩვენ თვითონ ავაშენებთ მათ, მაგრამ პროექტს აფინანსებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. სხვათა შორის, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან მჭიდროდ თანამშრომლობენ გავლენიანი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, ისეთი, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და მათი პრიორიტეტი საქართველოში ენერგეტიკაა…
– განახლებადი ენერგეტიკა კერძოდ?
– დიახ, პირველ რიგში, განახლებადი ენერგეტიკა. ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან, ისინი ინვესტირებას ახდენენ მრავალ ჰიდროელექტროსადგურში და როდესაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი ქარის ენერგიაზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ეგრევე გვითხრა, რომ მზად არიან, დააფინანსონ ეს პროექტი. ეს იქნება 20 მგვტ. სადგურები, ინვესტიციები კი შეადგენს 30 მილიონ დოლარს. ჩვენ პრაქტიკულად ვიწყებთ მშენებლობას და ქარსადგურების ექსპლუატაციაში გაშვებას 2016 წელს ვგეგმავთ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მთელ საქართველოში არის იმის საშუალება, რომ დავდგათ ქარსადგურები სიმძლავრით 150 მგვტ. მაგრამ საქართველოს მთავრობისათვის პრიორიტეტად მაინც ჰიდროელექტროსადგურები რჩება. რა თქმა უნდა თუ ეს იქნება კონკურენტუნარიანი პარალელურად ავაშენებთ ქარის სადგურებსაც.
– და რამდენიმე სიტყვა საქართველოს ენერგეტიკის საინვესტიციო მიმზიდველობაზე, ვადებზე, ინვესტიციების დაბრუნების მექანიზმებზე. თქვენ, როგორც პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, როგორ არგუმენტებს პოულობთ ინვესტორებისთვის?
– ინვესტორი გვენდობა ჩვენ, მას სჯერა, რომ დაიბრუნებს თავის ინვესტიციებს. დაბრუნების მექანიზმი საკმაოდ მარტივია – ჩვენ ვაძლევთ გარანტიას, რომ აუცილებლად ვყიდულობთ ელექტროენერგიას ქვეყნის შიგნით, გარდა ამისა ვაძლევთ გენერაციის მფლობელს, ანუ ინვესტორს, საშუალებას წელიწადში ოთხი თვის განმავლობაში გამომუშავებული ელექტროენერგია თურქეთში და თურქეთიდან, ალბათ, ევროპაში გაყიდოს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ქსელური კომუნიკაციები, რისთვისაც აშენებული გვაქვს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, ახალი ქვესადგურები, ჩადებულია 300 მლნ დოლარი იმაში, რომ თურქებთან გვქონოდა კარგი და საიმედო ქსელი. ამიტომ არსებობს ენერგეტიკული პროექტები, რომლის გამოსყიდვაც მხოლოდ 5 წელს შეადგენს. მაგრამ არის პროექტები, რომლის გამოსყიდვის ვადა არის 7–8 წელიწადი. მე მაინც ვთვლი, რომ ეს არის რეალური და ინვესტორისთვის ხელსაყრელია ვადები.
– ამ გაზაფხულზე საქართველოს და თურქეთს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. დოკუმენტში საუბარია რამდენიმე პროექტზე, რომლებიც დაკავშირებული ქსელების გენერაციასთან და განვითარებასთან. რომელიმე მათგანის რეალიზაციის პროცესი დაწყებულია?
– თურქებთან ჩვენ დიდი ხანია კარგი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან ბევრი თურქული კომპანია თვითონ ჩამოდის, დებს თანხას და აშენებს, მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურებს. დღესდღეობით ეს არის 10 მიმდინარე პროექტი სავარაუდო დადგენილი 488 მვტ სიმძლავრით. მათთვის ეს ძალზე ხელსაყრელია, იმიტომ რომ ენერგიის გაყიდვა გარანტირებულია მთელი წლის განმავლობაში – 8 თვე. როდესაც ჩვენ დეფიციტი გვაქვს, ისინი ელექტროენერგიას ქვეყნის შიგნით ყიდიან, დარჩენილი 4 თვე მათ აქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა გაყიდონ ელექტროენერგია თურქეთში, სადაც უფრო ძვირი ღირს. ჩვენი მეზობლებისთვის ძალიან მომგებიანი ბიზნესია.
– ელექტროენერგიის ექსპორტი შეიძლება დარგში მნიშვნელოვანი შემოსავლის შემომტანი გახდეს საქართველოსთვის. რა კეთდება მისი გაზრდისთვის და რომელი კომპანიები იქნებიან დაშვებულნი ამ პროცესებთან, რა პრეფერენციები ექნებათ კომპანიებს?
– ყველაფერი, რაც შეეხება ექსპორტს, უპირობოდ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. გავმეორდები – დღეს ელექტროენერგიის ექსპორტს მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულში ვახორციელებთ. ამის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობა და განვახორციელოთ ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან. მაგალითად, შარშან ჩვენ პირველად განვახორციელეთ ტრანზიტი რუსეთიდან თურქეთში. თუნდაც მცირე მოცულობის – მხოლოდ 20 მლნ. კვტ.ს., მაგრამ ტრანზიტის შესაძლებლობებია უზარმაზარია, რადგანაც საქართველო თურქეთის საზღვარზე მდებარე ხაზები საშუალებას იძლევა ორივე მიმართულებით 700 მვტ–ის გადაცემა განვახორციელოთ. ანუ, ჩვენ უკვე ახლა შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები, რომ რუსეთის ელექტროენერგია საქართველოს გავლით გავყიდოთ მაგალითად თურქეთში და შემდეგ ევროპის ბაზარზე. მაგრამ კონკრეტულად ვინ გაყიდის რუსეთის ელექტროენერგიას და ჩვენს ნამატს? ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს და ის, ვინც საუკეთესო წინადადებას წარადგენს დაკავდება ენერგიის ტრანზიტით.
–არ შემიძლია არ გკითხოთ რუსეთთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე…
– ჩვენი ენერგეტიკის ინვესტორების ჩამოთვლისას მე განგებ არ დავასახელე რუსული კომპანიების ჯგუფი „Интер РАО“, რადგანაც ის არის ყველაზე მსხვილი ინვესტორი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ცალკე განხილვას იმსახურებს. ამ ჯგუფთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და მეგობრული და ახლო ურთიერთობა გვაქვს. თბილისში „Интер РАО“ არის ქართული ქსელური კომპანია „თელასის“ ყველაზე მსხვილი აქციონერი. მან სერიოზული ინვესტიცია ჩადო ქსელის განვითარებაში და ფაქტიურად დედაქალაქის მოსახლეობისთვის დისტრიბუციის ქსელი შექმნა. ეკონომიკისთვის ეს კი არის 500 ათას მომხმარებელზე მეტი. ენერგეტიკის და წყალმომარაგების ნაციონალური კომისიის მონაცემების მიხედვით „Интер РАО“ ქვეყნის ენერგეტიკაში 2000 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს. ინვესტიციები, 2000 წლიდან შეიცავს გენერაციებს (ჰესები და თესები), 2003 წლიდან კი ელექტროენერგიის გადანაწილება ხდება ქვეყნის შიგნით („თელასი“). განხორციელებული ინვესტიციების საერთო რაოდენობამ 2000 წლიდან დღემდე 400 მილიონი ლარი შეადგინა. „Интер РАО“–ს შემადგენლობაში შემავალ, საქართველოში განლაგებულ 3 ელექტროსადგურს, აქვს 820 მვტ–ზე მეტი სიმძლავრე და არსებითი წვლილი შეაქვთ ჩვენს ენერგეტიკაში. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ იმ 8 თვის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი გვაქვს, ჩვენ რუსეთიდან შესყიდვების ხარჯზე „Интер РАО“–ს შესაძლებლობების გამოყენებით კომპენსირებას ვაკეთებთ. რუსეთიდან იმპორტის მოცულობამ იანვრიდან სექტემბრამდე 264 მლნ. კვტ.ს შეადგინა.
რაც შეეხება სხვა რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობას, შემიძლია გითხრათ, რომ არის საერთო კომპანია სს გაერთიანებული ელექტროსისტემა „საქრუსენერგო“. კიდევ არის კონტაქტები „РусГидро“-სთან. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეს კონტაქტებია. რეალური მოქმედებები არ არის, მაგრამ „РусГидро“-ს კოლეგების დელეგაცია იყო ჩამოსული. დაინტერესებული იყვნენ ჩვენი პროექტებით. ვნახოთ, შეიძლება რაიმე ამოირჩიონ თანამშრომლობისთვის. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით.
– საქართველოში როგორია ვითარება ელექტროენერგიის გადაუხდელობასთან დაკავშირებით? რუსეთში ეს დიდი პრობლემაა…
– გადახდასთან დაკავშირებით ჩვენთან სიმკაცრეა. აბონენტებს, რომლებიც არ იხდიან, მაშინვე უთიშავთ დენს. ამით ჩვენ არ ვუქმნით პრობლემას ენერგეტიკულ კომპანიებს, რომ მათ სირთულეები არ იგრძნონ და კარგად იმუშაონ. ენერგეტიკის მარეგულირებელი ნაციონალური კომისია გულდასმით აკვირდება ამას და ძალიან მკაცრად არეგულირებს ყველა პროცესს.
– მოსახლეობა როგორ რეაგირებს? აღშფოთებას არ გამოხატავს?
– არა, ხალხი მიეჩვია. მათ ახსოვთ 1990–იანი წლები, როდესაც არავინ იხდიდა დენის საფასურს და სიბნელე იყო, ყველა სიცივეში და სიბნელეში იჯდა. მოსახლეობას ესმის, რომ თუ არ გადაიხდი, შუქი არ იქნება. მით უმეტეს. ხედავენ. რომ საქართველო ვითარდება, ბევრი რამე შენდება, ბევრი ცვლილებაა ინფრასტრუქტურაში.
– ბატონო კახა, დავუბრუნდეთ ურთიერთობას რუსეთს და საქართველოს შორის. საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ მხარს ვუჭერდით ერთმანეთს აღჭურვილობის და კადრების მომზადების თვალსაზრისით. თუ შეიძლება მითხარით, რაიმე არის შემორჩენილი? სად ყიდულობთ აღჭურვილობას, ვინ არიან ძირითადი მომწოდებლები და თუ არიან მათ შორის რუსი მწარმოებლები? ვინ ამზადებს კადრებს ენერგეტიკისთვის და საერთოდ თუ არის კადრების პრობლემა?
– რაც შეეხება აღჭურვილობას: ჩვენ ქვეყანაში არ იწარმოება და ინვესტორების და აღჭურვილობის მომწოდებლების უმეტესობა უცხოური კომპანიებია, მათ შორის ავსტრიიდან, აშშ-დან. რუს მწარმოებლებზე არაფერი ვიცი, აქვთ თუ არა აღჭურვილობა. რაც შეეხება კადრებს… ახალგაზრდობა ხშირად მიდის საზღვარგარეთ, იქ იღებს განათლებას და მერე ბრუნდება საქართველოში. პრემიერ–მინისტრმა დაამტკიცა პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად წავიდნენ, მაგრამ მათ ვალდებულება აქვთ სამშობლოში სამუშაოდ დაბრუნდნენ. უნდა ვიტრაბახო, დღეს ენერგეტიკის სფეროში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა. სამინისტროში არის ახალგაზრდების გუნდი და უნდა ვთქვა, რომ ძალიან ენერგიული გუნდია. უკვე რეალიზებული თუ დამუშავების პროცესში მყოფი პროექტების უმეტესობა ახალგაზრდების დამსახურებაა.
– ჩვენი საუბრის ბოლოს რამდენიმე მოკლე და ნაწილობრივ პირადი შეკითხვა – ბევრმა რუსულმა მედიასაშუალებამ, მათ შორის სპორტულმაც, ამ ზაფხულს განათავსა ფოტო, რომელზეც თქვენ პირადად მონაწილეობთ წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაში…
– ჩვენთვის, საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის ეს იყო ძალიან მძიმე დრო. არავის ახსოვს ასეთი წყალდიდობა. სამწუხაროდ, დაიღუპნენ ადამიანები. ძალიან მძიმეა, როდესაც შენ გინდა დაეხმარო და არ შეგიძლია იმიტომ, რომ ბუნებასთან და სტიქიასთან ბრძოლა ძალიან რთულია. იქ არა მარტო მე, მთელი მთავრობა მუშაობდა. და იცით როგორი სიამაყის გრძნობა გაქვს, როდესაც ხედავ, რომ თბილისის მთელი მოსახლეობა -ხანდაზმულებიც და ახალგაზრდებიც, ყველა ერთად აღუდგნენ სტიქიას და ეხმარებოდნენ ერთმანეთს?
სტიქიამ ასევე სერიოზულად დააზიანა ენერგეტიკა. დაზიანებული იყო მაღალი ძაბვის ხაზები „ვერა–1“ და „ვერა–2“. მაღალკვალიფიცირებული ტექპერსონალის მეშვეობით და კომპანია „თელასის“ მობილიზების მეშვეობით ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები უმცირეს დროში დასრულდა. სოფელ ახალდაბაში დაზიანებული იყო გაზსადენის ორკილომეტრიანი მონაკვეთი, მისი რეაბილიტაცია თავის თავზე „ყაზტრანგაზის“ შვიდმა ბრიგადამ აიღო, 24 – საათიან რეჟიმში მუშაობდნენ.
– მე ვიცი, რომ თქვენ არ გიყვართ შეკითხვები სპორტზე, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, როგორც ექსპერტთან – იმ წლებში, როდესაც თქვენ თამაშობდით „მილანში“, ევროპულ ფეხბურთში იტალიური და ინგლისური კლუბები დომინირებდნენ, ახლა კი – ესპანური და გერმანული. როგორ თვლით, რასთან არის ეს დაკავშირებული?
– იტალიაში დღეს სერიოზული ფინანსური პრობლემებია. თუ არ ვცდები, ბოლოს „იუვენტუსის“ სტადიონი აშენდა და ეს იყო 2011 წელს. დანარჩენი ინფრასტრუქტურა ძველი დარჩა, ფეხბურთში დიდი ფული აღარ იდება, გუნდები აღარ ყიდულობენ ძლიერ ფეხბურთელებს, რაც გავლენას ახდენს ჩემპიონატის დონეზე. მე ვთვლი, რომ იტალიის ჩემპიონატის დონე ძალიან დაეცა. თუ შევხედავთ გერმანიას, იქ უკეთესი სიტუაციაა. ბოლო წლებში გაჩნდა ახალი სტადიონები, ინფრასტრუქტურა ახლდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთის განვითარებისთვის. საერთო პრობლემა ძლიერი ფეხბურთელების სიმცირეშია. მესი, რონალდო – ასეთი ვარსკვლავები ცოტაა. ადრე მეტნი იყვნენ.
– საქართველოს მთავრობაში არ არის კორპორატიული ფეხბურთი?
– არა, მაგრამ ვაპირებთ ჩამოყალიბებს, როგორც სამინისტროებს შორის ჩემპიონატის. როცა მაქვს საშუალება, კვირაში ორჯერ ვთამაშობ მეგობრებთან ერთად. კოლეგებიც უნდა მივიყვანო, ჩინოვნიკებისთვის კარგი სპორტული ფორმა მნიშვნელოვანია.
– თქვენ არაჩვეულებრივი ოჯახი გყავთ. და ამავდროულად საშინლად დაკავებული ხართ. როგორც ადგენთ პრიორიტეტებს სამსახურებრივის და პირადს შორის?
– ჩემთვის ოჯახი წმინდაა – ეს მომავალია. სამწუხაროდ, მას მერე, რაც მინისტრი გავხდი ძალიან ცოტა დრო მრჩება ცოლ-შვილთან გასატარებლად. თავისუფალ დროს ვცდილობ მაქსიმალურად მათთან ვიყო.
– უკვე ჩამოყალიბდით რომელი შვილი ვინ გამოვა მომავალში?
– ვნახოთ. სიმართლე გითხრათ მინდა, რომ რომელიმემ ფეხბურთი ითამაშოს. თუ გამოუვათ, ძალიან გამიხარდება. თუ არა, მთავარია საქართველოსთვის რაიმე კარგი აკეთონ.
– და ბოლო შეკითხვა ე.წ. ტერიტორიის ბრენდზე. როგორ განსაზღვრავდით, რა არის საქართველო დღეს?
– საქართველო ისევ, ძველებურად, უპირველესად სტუმართმოყვარე ხალხია. ჩვენ გვიყვარს და ვიცით მეგობრობა, ჩვენ ვაფასებთ იმ ხალხს, რომლებიც გვეხმარებიან იმიტომ, რომ გამოვიარეთ ძალიან მძიმე წლები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან მძიმე სიტუაციაში ვიყავით. მაგრამ ბოლო წლებში ქვეყანა ვითარდება და ჩვენ ყველა ვცდილობთ, ხალხმა უკეთ იცხოვროს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება. ჩვენ გვაქვს სანახაობა, მრავალსაუკუნოვანი კულტურა, მდიდარი ტრადიციები. მაგალითად, ჩვენთვის ღვინო ეს არა მხოლოდ სასმელია, ეს არის ისტორია, ეს ოსტატობაა. მაგალითად კახეთში უნდა ნახოთ როგორ უვლიან ვაზს, როგორ აკეთებენ ღვინოს. ბათუმი მშვენიერი ქალაქია ზღვაზე დასასვენებლად. სხვათა შორის, რუსეთიდან ბევრი ხალხი ჩამოდის, აღფრთოვანებულები არიან ამ ქალაქით, იქ არის ინფრასტრუქტურა და მშვენიერი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები. გუდაური – სამთო–სათხილამურო კურორტია, ასეთი ტრასები ევროპაშიც არ არის. ჩვენთვის ყველაზე მთავარი ბრენდი კი არის – მშვიდობა და სიმშვიდე საქართველოში.