“თუ საქართველოში ტერაქტები მოხდა, სავარაუდოდ, თავდასხმის ობიექტი უცხოური საელჩოები იქნება“
პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოში ტერორიზმის საფრთხეებზე ისაუბრა. მისი თქმით, პირდაპირ იმის თქმა, მოხდება თუ არა საქართველოში ტერაქტები, არ შეიძლება, თუმცა, მისი თქმით, საქართველო უკვე მოიზრება იმ სივრცეში, რასაც საერთაშორისო ტერორიზმი ჰქვია. ექსპერტი ვარაუდობს, რომ საქართველოზე ტერორისტების თავდასხმის შემთხვევაში შეტევა, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებზე, საელჩოებზე განხორციელდება.
„საქართველო უკვე მოიაზრება იმ სივრცეში, რასაც საერთაშორისო ტერორიზმი და პოლიტიკური ისლამი ჰქვია. საქართველო და მისი ხელმძღვანელობა აღიქმება, როგორც მტერი, ოღონდ, რასაკვირველია, ბევრად უფრო პასიურად, ვიდრე საფრანგეთი ან სხვა რომელიმე ქვეყანაა. პირდაპირ იმის თქმა, მოხდება თუ არა საქართველოში ტერაქტები, არ შეიძლება. მაგრამ თუ საქართველოში ტერაქტები მოხდა, მე ვთვლი, რომ, სავარაუდოდ, თავდასხმის ობიექტი უცხოური წარმომადგენლობები იქნება. ესაა საელჩოები იმ ქვეყნებისა, რომლებიც კოალიციაში მონაწილეობენ. რაც შეეხება „გურჯისტანის ვილაიეთის“ შექმნას, მე არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „გურჯისტანის ვილაიეთი“ შეიქმნა, არსებობს კავკასიის ვილაიეთი, სადაც ჩვენც შევდივართ. თუ გაიყოფა ის ცალ-ცალკე, ეს სხვა საკითხია“,- აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
რაც შეეხება პანკისის რეგიონს, არეშიძის განმარტებით, პანკისი რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს.
„პანკისის ხეობა ამ საერთო სტრუქტურაში, ერთი ჩვეულებრივი რგოლია. მასშტაბის თვალსაზრისით ბევრად სახიფათოა, რაც ქვემო ქართლში ხდება. პანკისის ხეობაში სულ 8 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ხეობაში ყველა სალაფიზმის მომხრე არ არის, იქ თავად ჯამაათებს შორის არ არის ერთგვაროვანი პოზიცია, ერთ პოზიციაზე დგას დუისის ჯამაათი და მეორე პოზიცია აქვს ჯოყოლოს ჯამაათს. ჯოყოლოს ჯამაათი უფრო იხრება ისლამური ხალიფატის დახმარებისაკენ, დუისის ჯამაათი კი, კატეგორიულად ემიჯნება. მტრის ხატს პანკისის ხეობისგან ნუ შევქმნით.
სალაფიტების და ჯიჰადისტების მხარდამჭერი საქართველოს მოქალაქები 2 ნაწილად იყოფიან, ერთნი იარაღით ხელში იბრძვიან სირიაში და მეორე კატეგორიაა იდეოლოგიური ფრონტის მეომრები, რომლებიც სპარსეთის ყურის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდნენ, არიან საკმაოდ კარგი სტუდენტები, გარდა ამისა, ისინი ისლამური ხალიფატის მხარეს იდეოლოგიურ ბრძოლაში მონაწილეობენ. ისინი მუშაობდნენ მათი საიტების შექმნაში, ახალგაზრდების იდეოლოგიურ დამუშავებაში… ვინც ამ იდეოლოგიური ფრონტის აქტიური მონაწილეა, ყველა ეთნიკურად ქართველია, ოღონდ მუსულმანია. წარმოშობით არიან აჭარიდან, წალკის რაიონიდან და ზოგიერთი სხვა კუთხიდან“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.