ვაშინგტონში სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიმართა
ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, დემოკრატიის და ხალხთა შორის ურთიერთობების სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიმართა.
აშშ-ს მხრიდან შეხვედრებს თანათავმჯდომარეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბენ ზიფი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე, ჯონათან კაცი. ქართული მხრიდან სამუშაო ჯგუფს თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი. დემოკრატიის სამუშაო შეხვედრაზე საქართველოში არსებული დემოკრატიული ვითარება, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს, ასევე ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო.
ხალხთა შორის ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, განიხილეს განათლების, კულტურის, სპორტისა და ჯანდაცვის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები. ქართულმა მხარემ დააფიქსირა უკვე მიღწეული შედეგები და აშშ-ის მხარესთან ერთად დასახა სამომავლო გეგმები. მხარეებმა ასევე განსაზღვრეს ის სფეროები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ აშშ-ის მხარის ჩართულობას და მხარდაჭერას. აშშ-ში საქართველოს საელჩომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის და ხალხთა შორის ურთიერთობების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში მონაწილე საქართველოს დელეგაციისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის მიღება გამართა.