„ტერაქტების სერიები გაგრძელდება“

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ ევროპაში ტერაქტები კვლავაც გაგრძელდება. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ევროპული უსაფრთხოების სისტემაში პარიზი სუსტი წერტილია.
სისუსტე არ არის განპირობებული საფრანგეთის სპეცსამსახურების ნაკლები პროფესიონალიზმით, არეშიძის თქმით, სისუსტის მთავარი განმაპირობებელი ის პოლიტიკაა, რომელსაც საფრანგეთი გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან აწარმოებდა. არეშიძე მიიჩნევს, რომ საფრანგეთმა მისი ყოფილი კოლონიების ქვეყნის მოსახლეობისთვის საფრანგეთის კარი ძალიან ფართოდ გააღო.
„ცივილიზებული სამყარო რეაგირებს ასეთ „ეფექტურ“ ტერაქტებზე, თუმცა ეს მანამდე მოხდა პაკისტანში, ინდონეზიაში, ბეირუთში… ეს ტერაქტი „ეფექტური“ იმიტომ აღმოჩნდა, რომ ის პარიზში მოხდა. დარწმუნებული ვარ, ეს აფეთქებები სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ეფექტურობით გაგრძელდება. პარიზი ევროპული უსაფრთხოების სისტემაში სუსტი წერტილი აღმოჩნდა, რადგან საფრანგეთმა გასული საუკუნის 60-ანი წლებიდან დაუშვა შეცდომა, მან საკუთარი ქვეყნის კარები ძალიან ფართოდ გააღო და მისი ყოფილი კოლონიებისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება ძალიან ადვილად მისაღები გახდა. პარიზში არის უბნები, სადაც ფრანგულად არც ლაპარაკობენ, ამას ემატება უმუშევრობა, კრიმინალური ფონი, რაც საჭირო გარემოს ქმნის ტერორისტებისთვის. რაც შეეხება მესამე მსოფლიო ომს, ომი მიმდინარეობს, ამას მესამე მსოფლიოს დავარქმევთ თუ სხვას, ფაქტია, რომ ეს მიმდინარეობს და უფრო მეტი და მეტი ქვეყანა ერთვება მასში. დღეიდან საფრანგეთი კოალიციის აქტიური მონაწილე გახდა და „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ბომბავს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები