ლაშა კვირკვაიასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებული ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსის ლაშა კვირკვაიასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

„2015 წლის 15 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ადვოკატ გიორგი მდინარაძის ჯანმრთელობის დაზიანების (ცემის) ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსის, ბრალდებულ – ლაშა კვირკვაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განხილულ იქნა შპს აკდ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ კლინიკაში. მოსამართლის გადაწყვეტილებითა და სტაციონარის პირობების გათვალისწინებით მედიის წარმომადგენლებს უარი ეთქვათ გასვლითი სასამართლო სხდომის ფოტო, ვიდეო-გადაღებაზე.

ლაშა კვირკვაიას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 8 ნოემბერს ბრალდებულს შეკამათება მოუვიდა პოლიციის განყოფილებაში მისულ ადვოკატ გიორგი მდინარაძესთან, რომელმაც მის დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან პირს, იურიდიული კონსულტაციის სახით, დუმილის უფლების გამოყენება ურჩია.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. დაცვის მხარემ იშუამდგომლა არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, ან ალტერნატივის სახით ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გირაოს – 7000 ლარის გამოყენების თაობაზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზეა მძიმე კატეგორიის სამოხელეო დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტი.

განცხადების თანახმად, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საქმეზე ჩასატარებელია რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ამასთან ბრალდებული ძალოვან უწყებაში იკავებდა მაღალ თანამდებობას, რაც ზრდის რისკს იქონიოს რეალური გავლენა პროცესის იმ მონაწილეებზე, რომლებიც დაიკითხნენ გამოძიების მიერ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულ ლ. კვირკვაიას მიმართ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2015 წლის 29 დეკემბერს 15:00 საათისთვისაა ჩანიშნული“, – აღნიშნულია საქალაქო სასამართლოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები