ნინო ჯანჯღავას საგუნდო ნაწარმოებებს ქართულ ენაზე უცხოეთში შეასრულებენ
ქართველი კომპოზიტორი ნინო ჯანჯღავა კოპენჰაგენსა და გენტში მიიწვიეს, სადაც პოლ ჰილერის ანსამბლი “Theatre of voices” მის ნაწარმოებებს შეასრულებს. ,,კვირა“ დაუკავშირდა მას:
– ქალბატონო ნინო, რამდენადაც ვიცით, კოპენჰაგენსა და გენტში ხართ მიწვეული, გილოცავთ და იქნებ ამ მიწვევის შესახებ დაწვრილებით მოგვითხროთ…
– დიახ, პოლ ჰილერის ანსამბლი “Theatre of voices” შეასრულებს ჩემი ნაწარმოებიდან „17 ალილუია სადიდებლად ღვთისა ჩვენისა“ სამ ალილუიას, ქართულ ენაზე. ამასთან დაკავშირებით ქართული გამოთქმის ჩანაწერიც კი გადამაგზავნინა, რომ უფრო კარგად გარკვეულიყო ენის ჟღერადობაში, რაც ცხადია, მის მაღალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს. ამ ორივე კონცერტზე, ძირითადად, სრულდება გამოჩენილი თანამედროვე კომპოზიტორის ავრო პიარტის მუსიკა. პროგრამა ძალიან საინტერესოდაა შედგენილი, სადაც ავრო პიარტის ნაწარმოებები ერთმანეთისაგან ზემოთ დასახელებული ალილუიებითაა გამიჯნული. კონცერტის პროგრამამ ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია, იმიტომ რომ ის უფრო დიდ, ერთიან კომპოზიციას ჰგავს, ვიდრე საკონცერტო პროგრამას.
ნინო ჯანჯღავამ 1988 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის სპეციალობით. 1986 წელს ახალგაზრდა კომპოზიტორთა საკავშირო კონკურსზე დაიმსახურა III პრემია ნაწარმოებისათვის ”ჯარჯი ფხოველის სამი ლექსი”. სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, რომელიც დაამთავრა 1990 წელს. ამავე წლიდან არის კომპოზიტორთა კავშირის წევრი. კონსერვატორიაში სწავლისა და მისი დასრულების შემდეგ შეთხზული აქვს საოპერო, საბალეტო, სიმფონიური, საგუნდო, ვოკალური, კამერული და საკრავიერი ჟანრის ნაწარმოებები. ქმნის მუსიკას კინოსა და თეატრისათვის. მისი თხზულებები სრულდება სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებსა და კონცერტებზე საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკასა და რუსეთში. უძღვება სანოტო გამომცემლობასა და აუდიოსტუდიას სახელწოდებით: ”საავტორო სტუდია”. 2006 წელს დააარსა ”ბგერის თეატრი”. იგი არის ანსამბლ ”სტუმარის” წევრი, სადაც ფლეიტასა და კლიავიშზე უკრავს და მღერის.