სასამართლომ ქურდობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული პირი უდანაშაულოდ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ქურდობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ ილია ტიმჩენკოს მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და ის სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მას ბრალად ედებოდა ქურდობის მცდელობა ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი იმ პირის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
„საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სხვისი ავტომანქანიდან აკუმულატორის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტს.
სასამართლომ მოისმინა მოწმეთა ჩვენებები და მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს და სასამართლო სხდომაზე გამოკვეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად, სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა“, -აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები