ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის წესების დარღვევის 473 შემთხვევა გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე 168 ცალი ფრინველის ხმის იმიტატორი ე.წ. მანოკი ამოიღო.
როგორც „კვირას“ გარემოს სამინისტროდან აცნობეს, ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით ფრინველის მოზიდვა დასჯადია და აღნიშნული ქმედება დეპარტამენტის მიერ მკაცრად კონტროლდება.
ე.წ. მანოკის გამოყენების გარდა, ამ დროისთვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილია ნადირობის წესების დარღვევის 473 შემთხვევა. აქედან 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს და ყველას მოუწოდებს, დაიცვან ნადირობის წესები. სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი დაუკავშირდნენ „ცხელ ხაზს“: 153.