თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს შეხვდება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებთან შეხვედრებს იწყებს.

მინისტრი პროკურორობის სამ კანდიდატს შეხვდება: ვლადიმერ გაბრიჩიძეს, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტმა წარადგინა; ლენა კაპანაძეს, რომელსაც ოფიცერთა კავშირისა და მთიანეთის ნებაყოფლობითი საქველმოქმედო ასოციაციამ გაუწია რეკომენდაცია; კოტე ჭილაიას, რომელმაც თავისი კანდიდატურა იუსტიციის მინისტრს თავად შესთავაზა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გასაუბრების მეორე ეტაპი ხვალ, 13 ნოემბერს, არის დანიშნული.

სწორედ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ შეარჩევს იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე სამ კანდიდატურას, რომელთაც 19 ნოემბერს საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებულ კანდიდატთა შორის ერთი ქალი უნდა იყოს. საპროკურორო საბჭო წარდგენილი კანდიდატურებიდან ერთ-ერთს ფარული კენჭისყრით ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარუდგენს მთავრობას, შემდგომ კი − პარლამენტს. მთავარი პროკურორის არჩევა 6 წლის ვადით განისაზღვრება და მისი ვადამდე გათავისუფლება სერიოზული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები