„ სასამართლოს გადაწყვეტილება სპიკერ -მოსამართლეს უნდა განემარტა და ამდენი ინტერპრეტაცია არ მოჰყვებოდა“
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე სასამართლო სისტემაში ინფორმაციის გაცემის პრობლემაზე საუბრობს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „რუსთავი 2“ -ის საქმესთან მიმართებაში განაცხადა, მოსამართლის გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ ასეთი მრავალმხრივი შეფასებები და ინტერპრეტაციები ალბათ არ უნდა ყოფილიყო. სოფრომაძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებისთვის განმარტება სპიკერ – მოსამართლეს უნდა გაეკეთებინა.
„ რაც შეეხება ინფორმაციის პრობლემას, სასამართლო სისტემაში ჩვენ გვაქვს სპიკერ- მოსამართლის ინსტიტუტი. სამწუხაროდ, ამ ინსტიტუტმა დღეს ვერ იმუშავა და ყველაზე საჭირო მომენტში შესაბამისი განცხადება არ გაკეთდა. იუსტიციის საბჭოს მხრიდან შემუშავდება რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს სპიკერ – მოსამართლე. სასამართლო სისტემას ინფორმაციის გაცემის პრობლემა გვაქვს, რადგან ამ გადაწყვეტილების ასეთი მრავალმხრივი შეფასებები და ინტერპრეტაციები ალბათ არ უნდა ყოფილიყო. პირველი, ვისაც უნდა განემარტა ეს გადაწყვეტილება, სწორედ სასამართლო სისტემა და მისი სპიკერ – მოსამართლე უნდა ყოფილიყო. საბჭო მხარეებს მოუწოდებს, რომ ეს პროცესები ისევ სასამართლო განხილვების ჭრილში გადავიდეს. არ ვფიქრობ, რომ ეს აჟიოტაჟი არგებს ან სასამართლო სისტემას, ან მხარეებს ან მთლიანად ქვეყნის ინტერესებს“,- განაცხადა კახა სოფრომაძემ.