დევიდ კემერონი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლას არ გამორიცხავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლას არ გამორიცხავს. პრემიერის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროკავშირის ლიდერები ამ ორგანიზაციის რეფორმირების მისეულ გეგმას არ გაითვალისწინებენ და ნაციონალურ პარლამენტებსა და მთავრობებს მეტ უფლებამოსილებას არ მისცემენ.
2017 წლის ბოლომდე დიდ ბრიტანეთში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი ევროკავშირში წევრობის საკითხზე. ეს კონსერვატორების საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი დაპირება იყო მიმდინარე წლის მაისში გამართულ არჩევნებზე.
კემერონმა ოთხი ძირითადი პუნქტი ჩამოაყალიბა, რომელიც ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის დარჩენის წინაპირობაა: 1. გაერთიანებული სამეფოს და იმ ქვეყნების შიდა ბაზრის დაცვა, რომლებიც ევროს ზონაში არ შედიან. 2. კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. 3. დიდი ბრიტანეთის გათავისუფლება ევროკავშირში უფრო მჭიდრო ინტეგრაციის ვალდებულებისგან. 4. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მიგრანტებისთვის საგადასახადო შეღავათების და შემწეობების გაუქმება.
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ბოლო პუნქტის შესრულება ყველაზე რთული იქნება, თუმცა, პირველ რიგში, სწორედ ამ ვალდებულების შესრულებას მოითხოვს დევიდ კემერონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები